unnamed (1)ტუვალუმ აფხაზეთისა და ე.წ. სამხეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღო. ამის შესახებ ტუვალუს სამთავრობო დელეგაციის საქართველოში სტუმრობის ფარგლებში გახდა ცნობილი, რომელმაც ქართულ მხარესთან ქვეყნებს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი გააფორმა.

უფრო კონკრეტულად, ოქმს ტუვალუს მხრიდან ხელი გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა, შრომის და ვაჭრობის მინისტრმა ტაუკელინა ფინიკასომ, ხოლო საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მოაწერეს.

ოქმის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე.

ოქმში ხაზგასმულია, რომ ტუვალუ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი რეგიონების – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.
აღნიშნული ფაქტით ტუვალუ უარყოფს 2011 წელს, აღიარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და ცალსახად ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემას.

საქართველო მიესალმება ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას და იმედს გამოთქვამს, რომ ტუვალუს ეს გადაწყვეტილება მაგალითი გახდება იმ რამდენიმე სახელმწიფოსთვის, რომლებმაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით საქართველოს ოკუპირებული რეგიონები აღიარეს.

31.03.14

Please follow and like us: