1900015_759800024030657_543963825_n

დღეს, საგანგებოდ შექმნილმა “საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა” ბრიფინგი გამართა. მთავრობას მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდა და საქმის ვითარებაში უკეთესად გარკვევა შესთავაზა. კომიტეტმა წერილით მიმართა პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს

ასლი: საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს

საერთაშორისი ორგანიზაციებისა და კავშირების წარმომადგენლობებს

საერთაშორისიო მას-მედიას

საკონტაქტო პირი თორნიკე 558 13 22 41 (დავითიანნი)

გამოვხატავთ რა თქვენდამი დიდ პატივისცემასა და ნდობას, მოგმართავთ თხოვნით.

უკვე 9 თვეზე მეტია, რაც მიმდინარეობს ცხარე დაპირისპირება საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს სამეცნიერო და კულტურული მნიშვნელობის თაობაზე. საყდრისის ისტორიული ძეგლის განადგურების რეალურ პერსპექტივას აპროტესტებს ათასობით ადამიანი, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ახალგაზრდული მოძრაობა, სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები. ამასთანავე, საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებული, მიუკერძოებელი მეცნიერები, კულტურული და სამეცნიერო ინსტიტუციები,  საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ბრიტანეთიდან და საქართველოდან, არქეოლოგები, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას არქეოლოგიურ გათხრებში საყდრისის ტერიტორიაზე, ადასტურებენ მის უნიკალურ მსოფლიო მნიშვნელობას და პირდაპირ  მიანიშნებენ ძეგლის უდიდეს გლობალურ, სამეცნიერო და კულტურულ ღირებულებაზე. არსებობენ სხვა პატივსაცემი და აღიარებული მეცნიერები, რომლებსაც აქვთ კომპრომისული პოზიცია, – საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი კომპეტენტური კომისიის მიერ, საბოლოო დასკვნის დადებამდე, შეჩერდეს ყოველგვარი სამთო-მოპოვებითი სამუშაოები საყდრისის ტერიტორიაზე. საყრდრისი-ყაჩაღიანი არის უძველესი ცივილიზაციის კვალი საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება და პასუხისმგებლობაა მთელი კაცობრიობის წინაშე. გარდა ამისა, საყდრისის გადარჩენა, მისი ტურისტული პოტენციალის განვითარება, წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რესურსს რეგიონალური და თვითმმართველობების განვითარებისთვის, აქედან გამომდინარე მთელი ქვეყნისთვის. ობიექტზე, როგორც ცნობილია, კერძო კომპანიის მხრიდან შესასრულებელია მცირე ხნის სამუშაოები, რაც საყდრისის განადგურებას გამოიწვევს. ამის საპირწონედ, ჩვენ შეიძლება უარს ვამბობდეთ გრძელვადიან როგორც კულტურ, ისე სოციალურ-ეკონომიკურ სარგებლიანობაზე.

უპრეცენდენტოდ მაღალი და მრავალმხრივი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, კულტურის სამინისტრომ 14 მარტს, პრაქტიკულად დახურულ კარს მიღმა, სრულიად გაუმჭვირვალედ, არა დემოკრატიულად, სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, დაასკვნა, რა, რომ  საყდრის-ყაჩაღიანში ოქროს უძველესი მაღაროს არსებობა არ დასტურდება, მისცა უფლება კერძო კომპანიას საყდრისში განაახლოს სამთო-მოპოვებითი სამუშაოები. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ქართულმა მხარემ, ეჭვქვეშ დააყენა მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო და კულტურული ინსტიტუტების კომპეტენცია.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, გამოცხადდეს მორატორიუმი საყდრისის ტერიტორიაზე ყოველგვარი სამთო–მოპოვებითი სამუშაოების განხორციელება-ზე, ვიდრე საზოგადოების მიერ მაღალი ნდობით აღჭურვილი კომპეტენტური კომისია არ გამოიტანს სათანადო დასკვნას ძეგლის ისტორიული მნიშვნელობის თაობაზე.

ასევე, მოვითხოვთ, ზემოთ ხსენებული კომისია დაკომპლექტდეს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რეკომენდირებული მსოფლიოში აღიარებული კვალიფიციური სპეციალისტებისაგან, ასევე ადგილობრივი, შესაბამისი სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, რომელსაც ნდობას გამოუცხადებს საზოგადოება და ამ საკითხით დაინტერესებული პირები („საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი“).

ჩვენ, „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივ კომიტეტს“, გადაწყვეტილი გვაქვს, საზოგადოებრივი მონიტორინგის განსახორცილებლად, საყრდისში ვაწარმოოთ უშუალო დაკვირვებები და მიმდინარე საქმიანობის მონიტორინგი, ვიდრე საკითხი არ გადაიჭრება. ამასთან დაკავშირებით, საყდრისში მიმდინარე წლის 22 მარტს გაიმართა ახალგაზრდული აქცია, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობაც მიიღო მონაწილეობა.  შექმნილი ვითარებიდან და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, აქციაზე გავავრცელეთ ჩვენი მოთხოვნები, აქაც მოვითხოვთ:

  1. დაუყოვნებლივ მოხდეს არქეოლოგების შეშვება ობიექტზე და მოხდეს ძეგლის ამჟამინდელი მდგომარეობის ასახვა და მონიტორინგი
  2. ჩატარდეს სანდო და კვალიფიციური კვლევა
  3. ვიდრე არ ჩამოყალიბდება და გასაჯაროვდება ჩვენთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის საბოლოო, კვალიფიციური, სანდო დასკვნა, ობიექტზე არ გაგრძელდეს სამუშაოები

თუ ჩვენი, „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის“, ობიექტზე შეშვება არ მოხდება მიმდინარე წლის 4 აპრილამდე, ახალგაზრდები იწყებენ კარვების აქციას საყდრისთან, მივმართავთ პროტესტის მწვავე, მაგრამ კანონიერ ფორმებს, საქართველოს კულტურის და ისტორიის გადასარჩენად. ჩვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტი-ლებებს მოგაწვდით ეტაპობრივად და ორიენტირებული ვიქნებით, რომ მთელი საზოგადოება ჩავრთოთ და მივაწოდოთ ინფორმაცია შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

ჩვენი პროტესტი გამომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ კეთილმოსურნეობის პოზიციიდან, გადავარჩინოთ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის, მთელი მსოფლიოსთვის და კაცობრიობისთვის უდიდესი მნიშვნელობის კულტურული ძეგლი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა 5000 წლის წინათ შექმნეს.

ამავდროულად, ჩვენი თვითმიზანი არ გახლავთ პროტესტი, ამიტომაც გამოვთქვამთ თქვენთან შეხვედრის მზადყოფნას, საკითხის საფუძვლიანი განხილვის უზრუნველსაყოფად.

003

Please follow and like us: