ოქსფორდისა და კემბრიჯის ბიბლიოთეკებში დაცული ქართული ხელნაწერების დიგიტალიზაცია იგეგმება.
როგორც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ პროექტ “საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის” ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოქსფორდისა და კემბრიჯის ბიბლიოთეკებში დაცული ქართული ხელნაწერების პალიმფსესტები ჩატანა მოხდეს ლონდონის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ისინი გაიშიფრება, ჩაუტარდება დიგიტალიზაცია – სპეციალური დანადგარების მეშვეობით დასკანირება, ფოტოგრაფირება, მოგვიანებით კი დიგიტალური ვერსიები ქართულ მხარეს გადმოეცემა.
ამასთან, კონსტანტინე სურგულაძის ინფორმაციით, მოხერხდა დიდი ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული 6 ქართული ხელნაწერის დიგიტალური ვერსიის საქართველოში ჩამოტანა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ეგზემპლარები საქართველოს საპატრიარქოს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კულტურისა და ძეგლთან დაცვის სამინისტროს გადაეცემა, ერთი ვერსია კი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში დარჩება.
07.04.14