საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.
“მიროსლავ ლაიჩაკმა თავისი ქვეყნის სახელით მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით”, – აღნიშნულია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ცნობით, საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებასაც შეეხო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.
საქართველოს პრეზიდენტმა მიროსალავ ლაიჩაკს სლოვაკეთის პრეზიდენტად ანდრეი კისკას არჩევა მიულოცა.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ბრანისლავ ჰიტკა, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მილან ზახარი, სლოვაკეთის საქმეთა რწმუნებული საქართველოში რუდოლს მიხალკა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ივანე მაჭავარიანი.
08.04.14