რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტრატეგიაზე, სამინისტროს მიერ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე, ათონელზე პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის მმდინარეობაზე, სამინისტროში მის ყველაზე დიდ მიღწევაზე ”თბილისი თაიმსს” საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ესაუბრა.
რა სტრატეგია აქვს სამინისტროს რეგიონალური განვითარებისთვის? რა გეგმები გაქვთ ამ კუთხით?
გასული წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით შემუშავდა პროგრამა სახელწოდებით „სამთავრობო პროგრამა ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“, სადაც საუბარია მთავრობის პრიორიტეტებზე თუ რა მიმართულებების განვითარება გვსურს ქვეყანაში. მათ შორის არის რეგიონული განვითარება. უპირველეს ყოვლისა, მსურს ავღნიშნო, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ უდიდესი ძალა გასწია – შემუშავდა და პარლამენტის მიერ 2014 წლის თებერვალში დამტკიცდა თვითმმართველობის შესახებ კანონი, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებს ექსკლუზიური უფლებამოსილებების განხორციელების საშუალებას აძლევს; ამისთვის მათ გამოეყოფათ შესაბამისი ფინანსები და ქონება. თვითმმართველობის რეფორმის შედეგად, გაიზარდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა. თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო მეტად იქნება ჩართული მისი მუნიციპალიტეტის, მისი სოფლისა თუ ქალაქის საჭიროებების განსაზღვრაში. მოქალაქეები ადგილობრივად მიიღებენ გადაწყვეტილებებს, თუ რისი გაკეთება სურთ ქალაქსა და სოფელში, რომელი ინფრასტრუქტურული პროექტი სჭირდებათ: წყალმომარაგება, გზის შეკეთება, მყარი ნარჩენების მართვა თუ სხვა რამ. ეს მნიშვნელოვანი პროცესია, ვინაიდან ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც ყველაფერი იმართებოდა ცენტრიდან, თბილისიდან და ჩვენ ვნახეთ, რომ ვერტიკალური მმართველობა არ ამართლებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რეგიონებთან აქტიური კონსულტაციისა და თანამშრომლობის საფუძველზე, შეიმუშავა რეგიონების განვითარების სტრატეგიები, რომლებშიც გათვალისწინებულია თითოეული რეგიონის სოციალურ-კულტურული მახასიათებლები, ეკონომიკური აუცილებლობები. სტრატეგიები მოიცავს რეგიონების, როგორც ეკონომიკურად გაძლიერების საკითხებს, ასევე სოციალურ განვითარებას, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლების ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში იყოს კარგი ინფრასტრუქტურა, რისთვისაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ამ მიმართულებით უამრავ პროექტს ვახორციელებთ როგორც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებლებზე მინდა გკითხოთ, რამდენად დაცულნი არიან ისინი, რამდენად აქვთ შექმნილი საცხოვრებელი პირობები და კონკრეტულად თქვენი სამინისტრო რას აკეთებს მათ დასახმარებლად?
საქართველოს მთავრობა გვერდში უდგას და ეხმარება საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას. ცოტა ხნის წინ მე და პრეზიდენტი ვიყავით ჩასულები სოფელ ატოცში, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა მავთულხლართებით ორად გაიყო. ჩვენ გვქონდა საუბარი ადგილობრივ მოსახლეობასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს მთავრობასთან შექმნილია გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი კომისია, რომელიც განიხილავს არსებულ მდგომარეობას. კომისიაში შემავალი სამინისტროები, მათი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის პროექტებს. მაგალითად, კომისიის გადაწყვეტილებით, საზღვრისპირა სოფლებში, 77 სოფელში, დაიგეგმა და ხორციელდება გაზიფიცირების პროექტი; ზამთარში 10 000 ოჯახს გადაეცა 200 ლარიანი ვაუჩერი, რომლითაც მათ შეძლეს შეშის ყიდვა. მოსახლეობას მომარაგდა სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებითაც. თითქმის 20 წლის განმავლობაში მათ ჰქონდათ სასმელი წყლის პრობლემა. ამ მიმართულებით, ჩვენმა სამინისტრომ ოთხ სოფელში დაიწყო წყლის ჭაბურღილების გაკეთება. გარდა ამისა, სოფლებში დაწყებულია ამბულატორიების მშენებლობა, რითიც მოსახლეობა შეძლებს მიიღოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტებისთვის შემუშავდა სპეციალური პროგრამა, რომელიც დამატებით დაფინანსებას გულისხმობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევით, საზღვრისპირა სოფლებში დამუშავდა იმ ტიპის მიწები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დაუმუშავებელი იყო. საქართველოს მთავრობა ყველანაირად ცდილობს გვერდში დაუდგეს მოსახლეობას და ამ მიმართულებით ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურვებთ.
ასევე თქვენი განცხადებიდან შევიტყვეთ, რომ მთავრობამ თქვენს სამინისტროს დაავალა ათონელზე პრეზიდენტის რეზიდენციის აშენება, თუ ფლობთ ინფორმაციას დაახლოებით როდისთვის დასრულდება რეზიდენციის მშენებლობა და თუ დატოვებს პრეზიდენტი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციას მისი აშენების შემდეგ?
მთავრობის განკარგულებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა ათონელის 25 ნომერში პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა. ეს პროექტი დაწყებული იყო წინა ხელისუფლების დროს და აქ უნდა განთავსებულიყო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია. ამისთვის კომპანია შპს „არტესისთვის“ გადაცემული იყო შესაბამისი ფინანსები, რომლის ფარგლებშიც გარკვეული ტიპის სარემონტო სამუშაოები კომპანიამ განახორციელა. თუმცა შპს „არტესს“ ხელშეკრულება შეუწყდა, ვინაიდან მან რამდენჯერმე ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შეიქმნა სახელმწიფო შპს – „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანია“, რომელიც ზედამხედველობას უწევს სამშენებლო პროცესს. ამ ეტაპზე დასრულებულია მეორე კორპუსის გარე სამუშაოები, დაწყებულია დამხმარე შენობის მშენებლობა. სულ მალე დაიწყება შიდა მოპირკეთების სამუშაოებიც. ობიექტი დასრულდება შემოდგომაზე.
არჩევნებისათვის კამპანიის საწარმოებლად მოგიწევთ მინისტრის პოსტის დატოვება, ამ დროის განმავლობაში რისი გაკეთება მოასწარით, როგორც მინისტრმა? რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ მიღწევად ან პირიქით შეცდომად?
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყო ერთ-ერთი ყველაზე დახურული და გაუმჭვირვალე საჯარო უწყება. სამინისტრომ და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2013 წლის განმავლობაში სამართალდამცავ უწყებებში გადავაგზავნეთ არაერთი საქმე, რომელიც გასულ წლებში რეაბილიტაცია -მშენებლობის პროცესში გამოვლენილი კანონდარღვევის აშკარა ნიშნებს შეიცავს. შევცვალეთ მიდგომები პროექტების დაგეგმვისა და მათი განხორციელების კუთხით, კომპანიათა ტენდერები გახდა გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი და მნიშვნელოვნად გაიზარდა ტენდერებში მონაწილეობით დაინტერესებულთა რიცხვი; შევიმუშავეთ ხარისხის სტანდარტები და გავზარდეთ მისი კონტროლის მექანიზმები; შევქმენით პრიორიტეტების დადგენისა და პროექტების შერჩევის მეთოდოლოგია; სამინისტროს საქმიანობა გახდა ღია და გამჭვირვალე, ინფორმაცია კი ხელმისაწვდომი. გაიზარდა სამშენებლო აქტივობა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, თუ 2012 წელს გაიხსნა 1,5 კმ გზა, 2013 წელს საგზაო მოძრაობა გაიხსნა 15.4 კილომეტრზე. სამშენებლო აქტივობა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ბიუჯეტის ათვისების კუთხით, 2012 წელს იყო 193.64 მლნ ლარი, 2013 წელს კი ჩვენ შევძელით აგვეთვისებინა 267.96 მლნ ლარი. ეს ტემპები წელს გაორმაგდება და თუ შარშან მხოლოდ ავტომაგისტრალის 3 მონაკვეთზე მიდიოდა მშენებლობა, ახლა სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად 7 სხვადასხვა მონაკვეთზე წარიმართება. ჯამში, 2013 წელს 130 მილიონი ლარით მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ, ვიდრე წინა ხელისუფლებამ 2012 წელს.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიაც აქტიურ ფაზაში გადავა, რა იქნება თქვენი ძლიერი მხარე ამ არჩევნებზე და ვის მიიჩნევთ თქვენს მთავარ კონკურენტად?
ამაზე მას შემდეგ ვისაუბროთ, როცა პოსტს დავტოვებ და საარჩევნო პროცესში ჩავერთვები.
10.04.14
ნინა პირტახია