სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქართული ენის მნიშვნელობასა და ძალაზე იქადაგა. როგორც პატრიარქმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ქართული ენა არის ერთ-ერთი უდიდესი მადლი, რომელიც უფალმა ქართველ ერს და საქართველოს მიანიჭა.
“უდიდესი სიმდიდრეა ჩვენი ქართული ენა, რომლის დღესასწაულიც დღეს არის და, ასევე, ჩვენი სარწმუნოება – მართლმადიდებლობა. უდიდესი ჯილდოა ღვთისა ბუნება და ჰაერიც კი. წმინდა ილია მართალი ამბობს – “მამული, ენა, სარწმუნოება”. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დაგვაჯილდოვა ქართულითა ენითა”, – ბრძანა უწმინდესმა.
სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ასევე ბრძანა, რომ ადამიანი მტკიცედ უნდა იდგეს ეროვნულ ნიადაგზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მცირე ხნით წასვლა.
პატრიარქმა ფინეთში მისი მოგზაურობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ იქ მრავალ ქართველს შეხვდა, მათ შორის ორი-სამი წლის წასულებს საქართველოდან, რომელთა შვილებმაც ქართული ენა არ იციან.
“ისინი სწავლობენ უცხო ენაზე და რა ეშველებათ მომავალში, ღმერთმა იცის. როცა ადამიანი წყვეტს წავიდეს საცხოვრებლად უცხოეთში, უნდა ახსოვდეს, რომ მისი შთამომავლობა მოისპობა. მე არაფერს ვამბობ სასწავლებად წასვლაზე. ქართველმა ადამიანმა უნდა ისწავლოს უცხოეთში, თუმცა, როდესაც საცხოვრებლად მიდიხარ, ადგილობრივი მოსახლეობა შთანთქავს შენს ისტორიასა და კულტურას. ადამიანი მტკიცედ უნდა იდგეს ეროვნულ ნიადაგზე. უნდა იცნობდეს ქართულ ისტორიას, კულტურას და ამის შემდეგ შეიძლება წასვლა უცხოეთში, ისიც მცირე ხნით”, – ბრძანა უწმინდესმა.