“საყდრისის ძეგლთან კარვების გაშლა იმ მოთხოვნების შეუსრულებლობამ გამოიწვია, რომლებიც წერილობით საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნეს” – ამის შესახებ „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის “ წარმომადგენლებმა თორნიკე რაზმაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ ჩვენი მოთხოვნები იყო და არის დაუყოვნებლივ შეუშვან არქეოლოგები ობიექტზე, რათა მოხდეს ძეგლის ამჟამინდელი მდგომარეობის ასახვა და მონიტორინგი, ასევე ჩატარდეს სანდო და კვალიფიციური კვლევა და ვიდრე არ ჩამოყალიბდება და გასაჯაროვდება ქართული საერთაშორისო საზოგადოებისთვის საბოლოო, კვალიფიციური დასკვნა, ობიექტზე სამუშაოები არ გაგრძელდეს. საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი საზოგადოებასა და ჟურნალისტებს მივმართავთ თხოვნით, ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან ეს არის თემა, რომელიც მნიშვნელოვანი უნდა იყოს ყველა ქართველისთვის. საფრთხის ქვეშ დგას საქართველოს იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე, ვინაიდან უგულვებელყოფილია სხვადასხვა კვალიფიციური ექსპერტების რჩევები და მოწოდებები ჩვენი პარტნიორი ევროპული ქვეყნებიდან. მხოლოდ იმ ადამიანების პროტესტი, რომლებიც ახლა კარვებში არიან და ადგილობრივი მოსახლეობა საკმარისი არაა. დღესაც გრძელდება გარკვეული სამუშაოები ძეგლთან. ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა მოსახლეობა. მოვითხოვთ კულტურის მინისტრი სათანადოდ გაერკვეს სიტუაციაში“, – განაცხადა თორნიკე რაზმაძემ.
„საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის “ ასევე წარმომადგენელის მარიამ გურგენიძის თქმით კარგია, რომ პრეზიდენტი მზადაა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდეს, თუმცა პრეზიდენტს დღეს კონსტიტუცია არ აძლევს სათანადო უფლებებს იმისთვის, რომ ეს საკითხი, მხოლოდ მან გადაჭრას.
16.04.14