საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს სოფელ აძვში “TV3”-ის გადამღები ჯგუფის დაკავებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ჟურნალისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სამწუხაროს უწოდებს იმას, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო პირთა დაკავების ფაქტები რუსი სამხედროებისა თუ დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენს.
“მიუხედავად მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებებისა, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის მანკიერი პრაქტიკა, ოკუპირებული ტერიტორიების დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ რუსი სამხედროების მხრიდან, ინტენსიურად გრძელდება. ჟურნალისტთა თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება”, – აცხადებს ნანუაშვილი.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიმართონ ყველა შესაძლო ზომას დაკავებული ჟურნალისტების უსაფრთხოდ და დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.
16.04.14