ჰოლანდიური კომპანია Philips-ი საქართველოში რეგიონულ სერვის ცენტრს გახსნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანია Royal Philips-ის გლობალური მართვის აღმასრულებელი თავმჯდომარის, ჰარი ჰენდრიკსის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართულ შეხვედრას საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პერტაიაც ესწრებოდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსოფლიო მნიშვნელობის წამყვანი კომპანიების საქართველოში შემოსვლა მისი ჰაბური ტიპის ეკონომიკად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. “საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სწორედ ასეთი ინვესტიციების მოზიდვაა, რადგან მსოფლიო მნიშვნელობის წამყვანი კომპანიების საქართველოში შემოსვლა მისი ჰაბური ტიპის ეკონიმიკად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ასეთი ინვესტიციების შემოსვლა არა მხოლოდ მატერიალური და დასაქმების კუთხით არის მიმზიდველი, არამედ იმითაც, რომ ქვეყანაში ნაკლებად განვითარებულ, მაგრამ სტრატეგიული მნიშვნელობის დარგებში შემოაქვს ახალი ცოდნა, Know-how და ექსპერტიზა”, – მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი. საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარის თქმით კი, Philips-ი საქართველოში სერვის ცენტრის გახსნით მათი პროდუქციის დისტრიბუციას და სერვისებით მომსახურებას უზრუნველყოფს, როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე ცენტრალური აზიის ქვეყნებში. “ჩვენ მოხარული ვართ, რომ დავოსში გამართული შეხვედრების შემდეგ Philips-მა გადაწყვიტა საქართველოში ცენტრალური, რეგიონული ოფისის გახსნა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ინვესტიციის შემდგომ საქართველო დაფარავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს და სერვისს გაუწევს ცენტრალური აზიის ქვეყნებს, რაც მთლიანობაში ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთლიანობაში, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არა მარტო ინვესტიციაა, რომელსაც შემოაქვს თანხა და ასაქმებს ადამიანებს, არამედ ესაა ისიც, რომ ამ ინვესტიციებს შემოაქვს ცოდნა, რაც კომპანიას გააჩნია – ამ ცოდნის შემოტანა ძალიან გამოადგება ქართველ მუშა-ხელს”, – განუცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი პერტაიამ. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელთა თბილისში ვიზიტი დავოსში, მსოფლიო ეკონონმიკური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას დაიგეგმა. Philips-ის თბილისის ოფისი ორიენტირებული იქნება ისეთ სერვისებსა და მომსახურებაზე, როგორებიცაა ენერგო ეფექტყური განათების სისტემები, ინოვაციური ჯანდაცვა და სამომხმარებლო პროდუქცია. Philips-ი 1891 წელს დაარსდა. 2013 წელს კომპანიის გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 23,3 მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანია დღეისთვის 100-ზე მეტ ქვეყანაში 115,000 თანამშრომელს ასაქმებს. 22.04.14