get_imgICOMOS-საქართველოს შეფასებით, საყდრისის მაღაროს არქეოლოგიური მემკვიდრეობა ფისკალურ და ბიზნეს ინტერესებს შეეწირა. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კავშირი (ICOMOS საქართველო) საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დარგში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ავრცელებს.

ICOMOS-საქართველო აღნიშნავს, რომ 2013 წლის 5 ივლისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, წიაღისეულის მომპოვებელი კერძო კომპანიის RMG Gold-ის მოთხოვნით, ბათილად ცნო საყდრისი-ყაჩაღიანის პრეისტორიული სამთამადნო ძეგლის სტატუსი, ხოლო მოგვიანებით გაუქმდა ძეგლის არქეოლოგიური დაცვის ზონა.

“ძეგლი მე-20 საუკუნის 80-იან წლებში იქნა აღმოჩენილი, ხოლო 2004 წლიდან ობიქტზე ქართულ-გერმანული ექსპედიცია სისტემატიურ კვლევას აწარმოებს და მიიჩნევს, რომ მაღარო დღემდე გამოვლენილ პრეისტორიულ ოქროს მაღაროთაგან უძველესია და ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით თარიღდება. ადგილობრივ მეცნიერთა ერთი ჯგუფი ძეგლს II ათასწლეულის სპილენძის მაღაროდ მიიჩნევს. სტატუსის გაბათილება ფორმალურ მიზეზს დაეფუძნა და არ მოხდა მისთვის სტატუსის ხელახლა მინიჭება, რითაც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი დაირღვა. ძეგლების ნუსხიდან ამოღების მიუხედავად, საყდრისი არქეოლოგიური ობიექტის სტატუსს ინარჩუნებს და მასზე სამუშაოების წარმოება მხოლოდ გარემოსა და კულტურის სამინისტროს ნებართვით შეიძლება. 2014 წლის 7 იანვარს კომპანია RMG საყდრისში დაიწყო უნებართვო სამუშაოები, ვინაიდან ასეთი ნებართვა არ იყო გაცემული. კერძო კონპანიამ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი 3-ჯერ არ დაუშვა, რაც არღვევს კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ICOMOS-საქართველო აღნიშნავს, რომ ძეგლის გამორჩეული უნივერსალური ღირებულებიდან გამომდინარე დიდია საერთაშორისო სამეცნიერო წრეების დაინტერესება, რომლებიც საერთაშორისო კომისიის ჩამოყალიბებასა და ძეგლის ბოლომდე შესწავლას ითხოვენ; საყდრისის გადასარჩენად შეიქმნა ადვოკატირების ჯგუფები, რომლებშიც ჩართულნი არიან აკადემიური წრეების, ხელოვნების, გარემოს დაცვის სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.

“მიუხედავად ამისა, 2014 წლის 13 მარტს სამინისტრომ დადებითი დასკვნა გასცა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე სამთო სამუშაოების საწარმოებლად. პროფესიული და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი დღესაც გრძელდება. არქეოლოგიური მემკვიდრეობა შეეწირა ფისკალურ და ბიზნეს ინტერესებს, რითაც ერთმნიშვნელოვნად დაირღვა ევროპული კონვენცია არქეოლოგიური ძეგლების დაცვის შესახებ”, – აცხადებს ICOMOS-საქართველო და დასძენს, რომ იმის მაგივრად, კულტურის სამინისტრომ დარგის განვითარებისთვის გამოიყენოს ის პოზიტიური რესურსი, რომელიც საყდრისის მაღაროსთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივობამ გამოავლინა, ხელისუფლება იგნორირებას უწევს მიმდინარე პროცესებს, რითიც ერთმნიშვნელოვნად არღვევს ფაროს ევროპულ კონვენციას.

23.04.14

Please follow and like us: