კოალიცია “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამის პრეზენტაცია რუსთაველის გამზირზე, ახლად გახსნილ საზოგადოებრივ მხარდაჭერის დარბაზში მიმდინარეობდა.
დავით ნარმანიამ თავის წინასაარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.
“წინასაარჩევნო პროგრამაში უმნიშვნელოვანესი საკითხები ეხება იმ პრობლემებს, რაც წლების განმავლობაში დედაქალაქში დაგროვდა; ეს არის საცხოვრებლად მიმზიდველი გარემოს შექმნა როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე ბოლო წლებში შემოერთებულ დასახლებებში. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქალაქის გენერალური გეგმის მომზადებაზე, სწორ დაპროექტებაზე, გამწვანების საკითხებზე, ახალგაზრდობის და კულტურის მიმართულების განვითარებაზე. ასევე, პროგრამაში გვაქვს დედაქალაქის ქონებისა და დაფინანსების რაციონალური მართვის საკითხები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღესვე, საზოგადოებრივი მხარდაჭერის დარბაზის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები შედიან.
“საზოგადოებრივი მხარდაჭერის დარბაზი, ეს არის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც გული შესტკივათ თბილისში არსებულ ყველა იმ პრობლემაზე, რაც ქალაქს აწუხებს. ეს არის ჯგუფი, რომლის რეკომენდაციები ყოველთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ ეტაპზე, წინასაარჩევნოდ, არამედ შემდეგაც, როცა ქალაქის მერი ვიქნები. ამიტომ, მე დღეს მათ პროგრამის ძირითად მიმართულებებს ვაცნობ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება საზოგადოებრივ მხარდაჭერის დარბაზში მისვლა და მისი წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებების გაცნობა.
28.04.14