ძალადობა არასდროს არ არის პრევენცია და არ არის კარგი შედეგის მომტანი. ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ეკა ბესელია ბიზნესმენ დავით კოდუაზე განხორციელებულ თავდასხმას.
მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეში პოლიტიკური ელემენტების ხელოვნურად შეტანა არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს და ეს საქმეზე კარგად არ იმოქმედებს.
“ძალადობა არასდროს არ არის წასახალისებელი და მოსაწონი. ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან ურთიერთობები გაარკვიონ სამართლებრივი გზებით და ცივილიზებული მეთოდებით. ძალადობა არასდროს არ არის პრევენცია და არ არის კარგი შედეგის მომტანი. ამ საქმეს პოლიტიზირება არ სჭირდება. პოლიტიკური ელემენტის ხელოვნურად შეტანა არავის ინტერესში არ უნდა შედიოდეს. ეს არავისზე კარგად არ იმოქმედებს. იყო ძალიან კონკრეტული დავა პირებს შორის და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ასეთი საქმე უმჯობესია, ცივილიზებული მეთოდებით გაირკვეს. გამოძიება მუშაობს და იმედი მაქვს, ყველაფერი ობიექტურად წარიმართება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.დავით კოდუაზე თავდასხმა 3 მაისს მოხდა.
კოდუას ცემის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი – ნოშრევან ნამორაძე დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში, ნამორაძე ყვება თუ რა გახდა დავით კოდუასთან მისი დაპირისპირების მიზეზი და რატომ სცემა.
05.05.14