საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის სამარშრუტო ტაქსების ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “ინტერტრანსს” ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულებისა და ყველა იმ მძღოლის დროული დასაქმებისკენ მოუწოდებს, რომლებიც რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე აქამდეც მუშაობდნენ. ღარიბაშვილმა შესაბამისი განცხადება რუსთავის გუბერნიის შენობაში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რმწუნებულ გიორგი მღებრიშვილსა და ქალაქის ადმინისტრაციის წარმოადგენელებთან შეხვედრაზე გააკეთა და კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებელობის შემთხვევაში, მათ “ინტერტრანსის” წინააღმდეგ “კანონის შესაბამისი მოქმედებისკენ” მოუწოდა. “რუსთავში ჩემი ჩამოსვლვის მიზეზია სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც ერთ-ერთმა კომპანიამ გაიმარჯვა. მაქვს შემდეგი შეკითხვა, რატომ დგას ხალხი ქუჩაში? ამდენი ხნის განმავლობაში გამარჯვებულმა კომპანიამ რატომ ვერ მოახერხა ამ ადამიანების დასაქმება და რატომ ვერ ასრულებს ის ნაკისრ ვალდებულებებს. კეთილი ინებოს ამ კომპანიამ, შეასრულოს ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოგიწოდებთ, იმოქმედოთ კანონის შესაბამისად”, – მიმართა ღარიბაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორსა და ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ამასთან, პრემიერის განმარტებით, მისთვის ძვირფასია ბიზნესი, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მოქალაქე და ადამიანია. “მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძვირფასია ყველა ბიზნესი, ყველა კერძო კომპანია, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ, ყველაზე ძვირფასია თითოეული მოქალაქე და ადამიანი. სწორედ ამიტომ ვარ ჩამოსული დღეს აქ, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს დაუკმაყოფილებელი და ყველა ის პირი, ვინც მანამდე მუშაობდა, ისევ უნდა დასაქმდეს”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 05.05.14