საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის საჯარო შეკრება მიმდინარეობს.
შეკრებაზე განიხილება საყდრისის ისტორიული ძეგლის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია და შემუშავდება კომიტეტის სამომავლო გეგმები. კომიტეტის წევრებთან ერთად შეკრებას ესწრებიან არასამთავრობო ორაგანიზაციების წარმომადგენლები და ის პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისტორიული ძეგლის მდგომარეობით.
როგორც შეკრების დაწყების წინ საყდრისის კომიტეტის წევრმა ნინო მიქიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ამ წუთებში საყდრისში ავიდა 5 ადამიანი, რომლებიც ელექტროხერხით ჭრიან გზის პირას დარჩენილ ხეებს და ბუჩქებს. მისივე თქმით, უცხოეთიდან ორი ექსპერტის ჩამოყვანა გაუმჭვირვალედ მოხდა.
“გუშინ, ძეგლთა დაცვის სააგენტოში, უცხოელი ექსპერტები შეხვდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ქართულ-გერმანულ ექსპედიციაში მუშაობდნენ. ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქართულ-გერმანული ექსპედიციის წევრები და ჩამოყვანილი ექსპერტები, რომელთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გვაქვს, ერთად აპირებენ საყდრისში ჩასვლას. ჩვენ ამ ექსპერტების ჩამოყვანას არ ვითხოვდით, ჩვენ ვითხოვდით იმ ექსპერტების ჩამოყვანას, რომელიც შესთავაზა გერმანიის ხელისუფლებამ საქართველოს. ეს ექსპერტები არ ჩამოუყვანიათ. პროცესები მიდის გაუმჭვირვალედ, ჩვენ არ ვენდობით იმ პროცესს, რომელიც მიდის და რომელსაც ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ხელმძღვანელობს”, – განაცხადა ნინო მიქიაშვილმა.
როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მარინე მიზანდარმა განაცხადა, ამ ექსპერტების ჩამოსვლას არავინ ელოდა და სრულიად გაურკვეველი კრიტერიუმებით იქნენ ისინი შერჩეული.
საიას თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით კი, საია ამ საკითხით თავიდანვე დაინტერესდა და ამ ეტაპზე მათ საჩივარი აქვთ შეტანილი საქართველოს მთავრობაში.
“ამ ეტაპზე ჩვენ საჩივარი გვაქვს შეტანილი საქართველოს მთავრობაში და ვითხოვთ, ბათილად ცნონ კულტურის სამინისტროს ის აქტი, რომლითაც კომპანიას ობიექტის მიმართ ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება მიეცა. ასევე შევიტანეთ საჩივარი პროკურატურაში და ვითხოვთ გამოძიების დაწყებას იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რასაც თავის დროზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებდა, რომ ვიდრე კომპანიას ნებართვა ექნებოდა, მანამდე დაიწყეს სამუშაოები”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
07.05.14