ჩვენი მთავრობა განსაკუთრებით არის დაინტერესებული საფრანგეთთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირადად მისთვის საფრანგეთი ყოველთვის იყო დემოკრატიული ღირებულებებისა და მაღალი კულტურის არაჩვეულებრივი მაგალითი.
“სორბონის უნივერსიტეტში სწავლისას საფრანგეთში გატარებულმა პერიოდმა დიდი გავლენა იქონია ჩემს დამოკიდებულებაზე დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული იდეალებისადმი. უაღრესად მოხარული ვარ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის ბრწყინვალე პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. საფრანგეთის სახით, საქართველოს ჰყავს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო ღირებულებები აკავშირებს. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ, საფრანგეთს განვიხილავთ როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყანას და უაღრესად ვაფასებთ საფრანგეთის პოზიციას საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო და საფრანგეთი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამასთან, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით არის დაინტერესებული საფრანგეთის რესპუბლიკასთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებით.
“ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ ბიზნესზე და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სასაუბროდ. საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მოწინავე ქვეყანა, როგორიცაა საფრანგეთის რესპუბლიკა ჩვენი კარგი სავაჭრო პარტნიორი იყოს, მაგრამ როგორც ამჟამინდელი სტატისტიკა ასახავს, სავაჭრო პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული და მომავალში კიდევ მრავალ ასათვისებელ მიმართულებებსა თუ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. საფრანგეთი და ფრანგული ბიზნესი გამოირჩევა ინოვაციებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით. საქართველოს ახლა სწორედ ასეთი ცოდნისა და გამოცდილების შემოტანა სჭირდება ბიზნესში და შესაბამისად, ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისწავლოთ საფრანგეთისგან. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ არსებობს საქართველოდან საფრანგეთში ექსპორტის ზრდის პოტენციალი. საქართველოსაც შეუძლია მრავალი სახის მაღალი ხარისხის პროდუქცია შესთავაზოს საფრანგეთის ბაზარს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და საფრანგეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა კიდევ უფრო იზრდება და ახალ, ფართო შესაძლებლობებს წარმოაჩენს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ივნისში ხელმოწერით.
“მჯერა, რომ ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ამ შეთანხმების ფარგლებში წარმოიშობა, ხელს შეუწყობს საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
13.05.14