ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ხელშეკრულება შეუქცევადს გახდის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
“ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და შეუქცევად გახდის ქვეყნის ევროინტეგრაციას. ჩვენ აქტიურად ვემზადებით ასოცირების შეთანხმებისთვის და მისი განხორციელებისთვის. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ასოცირების პროცესი არის ძალიან შრომატევადი და ფართომასშტაბიან რეფორმებს ითვალისწინებს. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო განუხრელად მისდევს ევროინტეგრაციის კურსს.
“ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს. ეს არის ჩვენი ქვეყნის როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი. ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი, რომელიც ეფუძნება საერთო ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, რომელზეც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განვიხილეთ, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტამდე განსახორციელებელი გეგმები. ჩვენი მიზანია, რომ ივნისში ხელი მოვაწეროთ ასოცირების შეთანხმებას. ამ მხრივ მიველსალმებით ევროკავშირის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დააჩქაროს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცედურები, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოეწეროს ხელი ამ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
14.05.14