საქართველოს პარლამენტს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ დღეს, “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა, რაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კუთხით ცვლილებებს ითვალისწინებს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი ახლებურად განსაზღვრავს “ექსპლუატაციის” ცნებასა და ფორმებს, აგრეთვე, “მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენების” დეფინიციას. წარმოდგენილი ცვლილებით, მონობის თანამედროვე პირობები გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც პირი ანაზღაურებით ან არაადეკვატური ანაზღაურებით, ან მის გარეშე სხვა პირის სასარგებლოდ ასრულებს სამუშაოს, ან ეწევა სხვა სახის მომსახურებას და მას არ შეუძლია ამ გარემოების შეცვლა ამ პირზე დამოკიდებულების გამო.
კანონპროექტში აღწერილია “პირზე დამოკიდებულების” განმაპირობებელი გარემოებებიც, როგორიცაა: პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევა; თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა ან თავისუფალი გადაადგილების კონტროლი; ოჯახის წევრთან ან სხვა პირთან კომუნიკაციის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტის შეზღუდვა და იძულებითი ან დამაშინებელი გარემოს შექმნა. პირზე დამოკიდებულების მდგომარეობას ამ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობაც იძლევა.
როგორც იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, კანონპროექტის მნიშვნელოვანი სიახლეა არასრულწლოვნით ვაჭრობასთან დაკავშირებულ მუხლში შესული ცვლილება. ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად ემატება ორსული ქალის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტი.
ცვლილებები შედის “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის” 1431-ე-1433-ე მუხლების პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ სანქციებშიც. დამატებით სასჯელად განსაზღვრულია თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამი წლის ვადით, ნაცვლად 1 ან ორი წლისა.
არსებულ კანონმდებლობაში ხარვეზები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფმა გამოავლინა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სამართალდამცავი ორგანოების, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
14.05.14