გეოლოგების დასკვნა, არსებობს, თუ არა მყინვარიდან ხელახალი ღვარცოფის საფრთხე, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გეოლოგმა მერაბ გაფრინდაშვილმა განუცხადა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.
მისი თქმით, მყინვარზე ღვარცოფის კერა გეოლოგებმა უკვე შეაფასეს, ასევე დათვალიერებულია ქვედა ზონა _ ის ადგილი, სადაც ღვარცოფი ჩამოწვა. რაც შეეხება ღვარცოფის გამომწვევ მიზეზებს, მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, საქართველოში 3 000-მდე ღვარცოფული მდინარე და ხევი არსებობს და სტიქიას უხვი ნალექი იწვევს.
დარიალის ხეობაში, მდინარე თერგის დაგუბების შედეგად წარმოქმნილი ხელოვნური ტბის დონის შესამცირებლად ხელოვნური კალაპოტი კეთდება. როგორც სტიქიის შემდეგ შექმნილი სპეციალური ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სულხან გაბრიჩიძემ განაცხადა, ხელოვნური ტბის დონე შემცირებულია მას შემდეგ, რაც თერგი გვირაბის მეშვეობით მიედინება, თუმცა დამატებითი კალაპოტი წყლის დონის შემცირებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
იმ ადგილას, სადაც ღვარცოფი ჩამოწვა, სტიქიის შედეგად დაკარგულების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილები და სამძებრო ოპერაციას თვალს ადევნებენ. როგორც ერთ-ერთი დაკარგულის მამამ, ნორიკ გეორქოვმა განაცხადა, ბოლოს შვილს, რომელიც “დარიალჰესზე” მუშაობს, ორი დღის წინ ესაუბრა. ამჟამად კი არ აქვს ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა “დარიალიჰესის” გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ალავიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ჰესის მშენებლობა მომავალი წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა შექმნილი ფორსმაჟორული მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერჯერობით უცნობია, რა ვადა დასჭირდება მშენებლობის დასრულებას. მისი თქმით, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ჩამოწოლილი ღვარცოფის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდება და მოხდება ზარალის დათვლა.
19.05.„4