”მოხეტიალე წიგნები” ასე ქვია სოციალურ პროექტს, თამაშს, რომელიც თბილისში დაიწყო და მალევე მოედო რეგიონებსაც. ”„იპოვე, წაიკითხე, მონიშნე, დადე – დაიმგზავრე წიგნები!“– ეს არის თამაშიც მთავარი პრინციპი, თამაშის წესი კი ასეთია: ვიღებთ წიგნს, ვაწერთ თამაშის მიზანს საკუთარი ინტერპრეტაციით, მაგალითად ასე : ” გამარჯობა, მე მოხეტიალე წიგნი ვარ დამიმგზავრე, წამიღე სახლში, წამიკითხე, შემდეგ კი დამტოვე სადმე, აუცილებლად წამაწერე თარიღი და ადგილი” და  ბოლოს კი ვუშვებთ სახეტიალოდ.წიგნები ეძებენ მკითხველებს და მკითხველები -წიგნებს, ქალაქში სასეირნოდ გამოსული წიგნების ბუმია,ამიტომაც, სადაც არ უნდა იყოთ, მეტროში, ავტობუსში, კაფეში,ქუჩაში თუ შენობაში და თვალი მოკარით თავისთვის მჯდარ წიგნს, არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან, წამოიყვანეთ სახლში, წაიკითხეთ და ისევ გაუშვით სახეტიალოდ. ამ ერთი შეხედვით არაორდინალურ იდეას დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოყვა, იდეა კი სპონტანურად დაიბადა, ერთმა ახალგაზრდა მწერალმა ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ მისი რომანი ”მკითხველი უნდა მოკვდეს” წიგნის მაღაზიებში ნაკლებად იყიდება, ამიტომაც დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ მიეწოდებინა საკუთარი ნაშრომი მკითხველისთვის.

unnamed (1)ჯაბა ზარქუა, მწერალი და იდეის ავტორი: ”მოხეტიალე წიგნების იდეა გაჩნდა სპონტანურად, საკუთარი წიგნის მკითხველთან მიტანის გზებზე ფიქრისას. იდეა ემსახურება პოლიტიკური ქსოვილის რღვევის გრძელვადიან საქმეს და “ამომრჩეველი” ადამიანის ჩანაცვლებას “მკითხველი” ადამიანით. ცხადია ეს შორეული მომავლის პერსპექტივაა, მაგრამ მაინც. ალბათ ეს წამოწყება წიგნიერების დონის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს, ცხადია – ნაპოვნი წიგნის კითხვას ამ თამაშის კონტექსტში, უფრო მეტი აზარტი აქვს, ვიდრე ნათხოვნის ან ნაყიდის – ამაში გარშემომყოფებზე დაკვირვებისას დავრწმუნდი. სამი რამ არის მოხეტიალე წიგნების ნაუცბადევად გაპოპულარულების მიზეზი: ა) თამაშის ფორმა თავისი რამდენიმე მიმზიდველი ნიუანსით ბ) წიგნთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობის ცალსახად დადებითი იმიჯი და მისდამი უკრიტიკო დამოკიდებულება გ) ისეთი საქმის კეთების სურვილი, რომლისგანაც სარგებელს არ ველით და თან გვამხიარულებს. ჩვენი ფეისბუქ გვერდის განახლება ხდება ყოველ საღამოს და ნებისმიერი სიახლე გაუფილტრავად იდება გვერდზე,შესაბამისად დამატებითი ინფორმაცია წიგნების ადგილსამყოფელის შესახებ არ გვაქვს, დღის განმავლობაში ინტენსიურად შემოდის ახალ-ახალი გზავნილები ნაპოვნი თუ სახეტიალოდ გაშვებული წიგნების შესახებ, ამასთან ეს ყველაფერი რეკლამისა და პიარის გარეშე ხდება, სპონტანურად.”

მოხეტიალე წიგნებმა აფხაზეთის ტერიტორიაზეც შეაღწიეს. მეგი საჯაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელმაც მოახერხა და მისი წიგნი ჩვენს მიერ დროებით არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გაამგზავრა, რამაც აფხაზეთის სკოლის მოსწავლეებსაც გაუჩინა წიგნების ქართულ მიწაზე გამოგზავნის სურვილი

unnamed (2)მეგი საჯაია:  ”მე ფხაზეთიდან ვარ, როგორც კი გაჩნდა იდეა, წიგნები საზღვრებს გაცდენოდა, ჩემს ბიძაშილს დავუკავშირდი, ბებო, ბაბუა და ბიძაშვილები დღემდე იქ ცხვორობენ. საზღვრამდე მივიტანე წიგნი და ჩემ ბიძაშვილს გადავეცი, მან სკოლის მოსწვლეებს გააცნო პროექტი და წიგნიც იქვე სკოლის ეზოში დატოვა. ძალიან მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა პროექტში და თუ ჩემს კუთხეში მოვახერხებდი წიგნის გაგზავნას ეს ხომ, საერთოდ დიდი ბედნიერება იქნებოდა. კიდევ ერთი მშვიდობის ელჩი ხეტიალობს ახლა აფხაზეთის ქუჩებში. წიგნი სკოლის ეზოში დატოვეს, თუმცა არაფერი ვიცი ახლა სად არის, არავინ გამომხმაურებია, სამწუხაროდ ტელეფონის ნომერი არ მიმიწერია, მხოლოდ სახელი და გვარი მივუთითე. სკოლის მოსწავლეები დაინტერესდნენ პროექტით და თვითონაც გამოთქვეს წიგნების აქეთ გამოგზავნის სურვილი.”

იყავით ყურადღებით, ქალაქში წიგნები დასეირნობენ, ხელიდან არ გაუშვათ თამაშში ჩაბმის შანსი, თუ ქუჩაში, ხის ქვეშ, ტროტუარზე ან თუნდაც სადმე სკვერში სკამზე ჩამომჯდარ წიგნს გადააწყდით დაიმგზავრეთ, წაიკითხეთ, წააწერეთ თარიღი და ისევ გაუშვით სახეტიალოდ. 

30.05.14

ნინა პირტახია

Please follow and like us: