საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, რომლის ისტორია კაცობრიობის განვითარების ადრეული ხანიდან იწყება, ქართველი ხალხი მუდამ ამაყობდა საკუთარი კულტურული მემკვიდრეობით, მის დაცვასა და შენარჩუნებას ცდილობდა. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და საამაყო ძეგლია საყდრისი, ის ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის სიდიადეს. ბულგარეთის არქეოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის, ბალკანეთის ქვეყნების მინერალებისა და მაღაროების ასოციაციის მიერ გამოშვებულ სამეცნიერო ნაშრომებში და არქივებში, საყდრისი აღნიშნულია, როგორც მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღარო. საყდრისი აღიარებულია არაერთი საერთაშორისო დონის მეცნიერის მიერ, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენს და არა მხოლოდ ჩვენს, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ვერ ვუფრთხილდებით, უფრო მეტიც, – დანგრევას ვუპირებთ. უკვე ერთი წელია ეს პრობლემა აქტუალური გახდა, ორი თვის წინ ჩამოყალიბებული საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი აქტიურად იბრძვის საყდრისის გადასარჩენად. საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, ,,თბილისი თაიმსი“ „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრ მიქანაძეს ესაუბრა.

mikanadze george (639x640)

–         ვიდრე ინტერვიუს დავიწყებდეთ შეიძლება გკითხოთ ვინ ბრძანდებით, ყოველთვის მოიხსენიებთ თავს საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრად, რატომ გააქტიურდით ახლა, ასე და რა კომპეტენციები გაქვთ ამ თვალსაზრისით?

გავაქტიურდი პირველ რიგში როგორც საქართველოს მოქალაქე, ჩემს ქვეყანაზე და ჩემს ეროვნებაზე, ჩემს გმირ წინაპრებზე და მომავალზე შეყვარებული ადამიანი. გავაქტიურდი მაშინ, როცა ამის საჭიროება დავინახე. იცით, ჩვენ კულტურული ერი ვართ, ამ ბოლო დროს მოდაში შემოვიდა, თავად ჩვენგან, ქართული ხასიათის კრიტიკა, შეიძლება ბევრი არის გასაკრიტიკებელი, მაგრამ საქმეც ბევრია საკეთებელი და ვფიქრობ, საქმის კეთება ჯობია. მიუხედავად კრიტიკისა, მაინც კულტურული ერი ვართ და ნამდვილად გვეკუთვნის გამორჩეული ადგილი, ამ მხრივ, მთელს მსოფლიოში. ჩვენი წინაპრები ბევრს იბრძოდნენ კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. ეს არ იყო ბრძოლა მხოლოდ სანახაობის შენარჩუნებისთვის, ეს იყო ბრძოლა ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის და ჩვენამდე მოტანისთვის. ხშირად ამ ბრძოლას თაობები ეწირებოდა, სწორედ ამ თავგანწირვამ მოიყვანა დღემდე საქართველო და ქართველი. ვფიქრობ, რომ სწორედ კულტურულ მემკვიდრეობაში ჰპოვებს რეალიზებას, ვლინდება ერისა და ქვეყნის თვითმყოფადობა, ღირსება, რომ ჰქონდეს სამშობლო და ეროვნება. თოთოეული ქართველი ვალდებულია თავის შესაძლებლობის ფარგლებში დადგეს ქართული ინტერესების სადარაჯოზე. მე ეს მოტივი მამოძრავებს, არ ვიცი რამდენად შევძლებ და გამომივა. შემირცხვენია ყველა ქართველი ვინც ამას არ ეცდება. მე ვცდილობ, თუმცა, ბოლომდე გააქტიურებისგან, ჯერ მაინც თავს ვიკავებ,  კიდევ ბევრი მაქვს საკუთარ თავზე სამუშაო. რაც შემეხება მე, პროფესიით ვარ ეკონომიკის მაგისტრი, ვარ დოქტორანტი და ვმუშაობ სამეცნიერო ხარისხზე. არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება მაქვს, მათ შორის საერთაშორისო პროექტებში. მისწავლია, მიცხოვრია და მიმუშავია გერმანიაში. მაქვს ჟურნალისტური გამოცდილება პრესა, ტელევიზია, რადიო. მიმუშავია სახელმწიფო სამსახურში, ერთ-ერთ საჯარო უწყებაში ვიყავი ფინანსური სამსახურის უფროსი. მიუხედავად მცირე ასაკისა, დაახლოებით 7 წელია სხვადასხვა უნივერსიტეტებში ვკითხულობდი და ახლაც ვკითხულობ ლექციებს მენეჯმენტის და ბიზნესის მიმართულებით. ვარ ასევე, ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ახლაც აქტიური გულშემატკივარი. ალბათ, დავითიანნი ჩემი ცხოვრების სიამაყეა, რომ ამ ყველაფერში ჩემი მოკრძალებული წვლილი მაქვს შეტანილი. ესაა ძირითადი, რაც ახლა მახსენდება და ალბათ საკმარისია ვთქვა ჩემს შესახებ, თუ ვინმეს კითხვები აქვს ჩემს ვინაობაზე.

–         პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტმა, გერმანელმა პროფესორებმა აღშფოთება გამოთქვეს საყდრისის ოქროს მაღაროზე განხორციელებულ სამუშაოებზე, მათ არა ერთი წერილი გამოგზავნეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის სახელზე. მაშინ როცა უცხოელები ასე არიან დაინტერესებულნი ძეგლის დაცვით, ქართულ მხარეს რა რეაქცია აქვს?

არა მხოლოდ გერმანელი მეცნიერები არიან აღშფოთებულები. დავიწყებ იქიდან, რომ მე ვარ საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი, ცნობისთვის ეს კომიტეტი შეიქმნა სულ რაღაც ორი თვის წინ და ამ კომიტეტში გაწევრიანდნენ, ის ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ საყდრისთან დაკავშირებით. თითქმის ერთი წელია, რაც აქტუალური გახდა საყდრისის პრობლემა. მოვიფიქრეთ, რომ შეგვექმნა საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი, რომ გავერთიანებულიყავით ის ორგანიზაციები თუ ფიზიკური პირები, რომლებიც იბრძოდნენ საყდრისის გადარჩენისთვის. კონკრეტულად, ჩემი როგორც ამ კომიტეტის წევრის აღშფოთება გამოიწვია პირველ რიგში იმან, რომ უცხოელები უფრო იბრძვიან ჩვენი ძეგლის გადასარჩენად. პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტმა პროფესორმა ჰერმან პარცინგერმა, ასევე ბოხუმის რურის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ელმარ  ვაილერმა, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა სვენდ ჰანსენმა გამოგზავნეს წერილები, რომლებიც მოუწოდებდნენ გურამ ოდიშარიას და ასევე მიმართავდნენ პრემიერ-მინისტრს, რომ მიეღოთ ყველანაირი ზომები საყდრისის დაცვასთან დაკავშირებით. ეს წერილები წავიკითხე და ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე გადავწყვიტე, რომ ამ საქმეში რითაც შემეძლო უნდა ჩავრთულიყავი. დეტალებში ვერ წავალ მეცნიერული თვალსაზრისით, მაგრამ საყდრისს ჰქონდა არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი, რომელიც უცებ რაღაც კომისია შექმნეს და ბუნდოვან, გაუგებარ პირობებში მოხსნეს ეს სტატუსი. წარმოიდგინეთ, ცხრა წლის განმავლობაში ქართულ-გერმანულ-ფრანგულ-ბრიტანულ-აზერბაიჯანული ექსპედიცია მუშაობდა და მათ დაასკვნეს, რომ საყდრისში არის მსოფლიო მასშტაბით უძველესი ოქროს მაღარო და რომ ის უკვე, მსოფლიო საკუთრებაა, რა თქმა უნდა, უპირველეს  ყოვლისა ქართველების, მაგრამ ის ასევე მსოფლიო მნიშვნელობისაა. ის, მარტო ჩვენი არ არის. თუმცა, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს. საგულისხმოა, რომ კვლევას მთლიანად უცხოური ფინანსებით ახორციელებდნენ, მათ ქართველებს მოუტანეს ეს სახელი და ჩვენ მოვუგონეთ ხელფასებისთვის მუშაობდნენ და არაპროფესიონალები არიანო. სასაცილოა. საყდრისი თარიღდება ძვ.წ.აღ. მე-3 ათასწლეულით. ეს უკვე სადაო აღარაა, რამდენიმე დღის წინ სააგენტოს მიერ მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმაც კი დაუდასტურეს სააგენტოს, რომ ეს ასეა. ჩვენს შემდეგ, მეორე უძველესი ძეგლი არის ძვ.წ.აღ.1500 წლის ადა-ტეპე, ბულგარეთში მდებარე მაღარო. სწორედ ამ მაღაროზე მომუშავე გერმანელი და ბულგარელი ექსპერტები ჩამოიყვანა ძეგლთა დაცვის სააგენტომ და გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, შოკში ჩავარდნენ საყდრისის ნახვით, სულ სხვა უნიკალური სპეციფიკა და მეთოდიკას წააწყდნენ. ისინი რა თქმა უნდა უკვე განხორციელებულ კვლევებს დაეყრდნენ, თუმცა თავადაც ნახეს ფაქტები, საქართველოში სულ 10 დღით ბრძანდებოდნენ. მაღაროს შესახებ მონაცემები, უკვე შესულია სამეცნიერო ნაშრომები, მთელმა მსოფლიომ იცის უკვე ამ სამეცნიერო ნაშრომების თაობაზე, ვერავინ ვერ ბედავს იმ მეცნიერების, რომლებიც 9 წელი იკვლევდნენ ძეგლს, მოსაზრებების ეჭვქვეშ დაყენებას. ერთადერთი ეს გაბედა ქართულმა მხარემ და ისინი დაადანაშაულა კორუფციაში, არაპროფესიონალიზმში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავი მოვიჭერით. საყდრისის მკვლევარები, ადამიანები რომელთაც საერთაშორისო საზოგადოებას დაუმტკიცეს, რომ მსოფლიო უდიდეს ძეგლს ფლობს საქართველოში, კორუფციაში და არაპროფესიონალიზმში დავადანაშაულეთ და ქვეყნიდან გავყარეთ. ამას მარტო უვარგისი, ერის მოღალატე ქართველი თუ იზამს. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ასეთი ადამიანების ლუსტრირება და საჯარო შერცხვენა, რომ დამთავრდეს საქართველოში „პატრიოტი“-მოღალატეებისგან ქვეყნის ისტორიის და მომავლის წაბილწვა. გარდა ამისა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავები იმიტომ, რომ მსოფლიოში ავტორიტეტულია იმ ინსტიტუციების ხელმძღვანელების წერილები და მოწოდებები, რომელთა მიმართაც ჩვენ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას გამოვხატავთ და არაფრად ვაგდებთ. ცნობისთვის გერმანული მხარე ძალიან დიდ ინვესტიციას დებს საქართველოში, ეხმარებიან ქართველებს, რომ გაითქვან სახელი მსოფლიოს მასშტაბით, გამოსცემენ კატალოგებს საქართველოს კულტურაზე, ატარებენ კვლევებს, აფინანსებენ სხვადასხვა ექსპედიციებს, დებენ ფინანსებს სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, წარმოებაში. გარდა ამისა, ჩვენი პრემიერი ცოტა ხნის წინ შეხვდა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, რამხელა მნიშვნელობისაა გერმანულ მხარესთან შეხვედრა, დიპლომატიური თვალსაზრისით, ალბათ ყველა ვაცნობიერებთ?! როდესაც ურთიერთვალდებულებებზე და პასუხისმგებლობებზე არის საუბარი, ევროპასთან ინტეგრაციის კონტექსტში, კულტურას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რამხელა მნიშვნელობისაა ჩვენთვის გერმანიის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციისთვის, გერმანია ჩვენი სეროზული და საჭირო პარტნიორია დიპლომატიური თვალსაზრისით. მეცნიერება მოგეხსენებათ რა დონეზეა განვითარებული გერმანიაში. წარმოიდგინეთ ჩვენ რას ვშვებით, გერმანელ მეცნიერებს ვაყენებთ შეურაცხყოფას და მეტიც, არაფრად ვაგდებთ მათი ავტორიტეტული კვლევითი ინსტიტუტების წერილებს, ჩვენივე ინტერესების საზიანოდ და არა საკეთილდღეოდ. ამას ძალიან ცუდი შედეგები მოყვება. წარმოიდგინეთ, მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ვფლობთ მსოფლიოს უძველეს, უმნიშვნელოვანეს მაღაროს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავამტკიცოთ, მოვიგონოთ, შევთხზათ და გავაყალბოთ დოკუმენტები, რომ ეს ასე არ არის. თუმცა, საბედნიეროდ ეს ვერ ხერხდება, რადგან შეუძლებელია ვინმემ დააზუსტოს და დაადგინოს, რომ ეს ასე არ არის, რადგან ამისთვის მყარი არგუმენტები არ არსებობს. სააგენტოს მოწვეულმა ექსპერტებმაც კი ვერ დადეს დასკვნა ისეთი, რომელიც საზიანო იქნებოდა საყდრისისთვის, მათ პირდაპირ აღიარეს, რომ ეს არის უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. აქედან გამომდინარე, როდესაც ვხედავთ, მთელი მსოფლიო იბრძვის საყდრისისთვის, სირცხვილია ჩვენ ხმა არ ამოვიღოთ. პირადად მე, არ ვარ ნამყოფი საყდრისზე, მაგრამ მე ვეყრდნობი იმ მეცნიერების, სამეცნიერო ნაშრომებს, რომლებიც აღიარებენ საყდრისს უმნიშვნელოვანეს კულტურულ მემკვიდრეობად. საყდრისზე კვლევებში არაერთი უცხოელი მონაწილეობდა, ასევე ქართული მხარეც, ამ დასკვნებს ვენდობი. როდესაც ვხედავ ამ დონის უსამართლობას, საყდრისის საკითხთან დაკავშირებით, იძულებული ვარ, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქემ ხმა ამოვიღო, ამ უსამართლობას შევეწინააღმდეგო ჩემი შესაძლებლობების, კომპეტენციის  ფარგლებში. სწორედ, ასეთი ადამინები არიან გაერთიანებულნი კომიტეტში და სწორედ ის არის სირცხვილი ქართველების მხრიდან, რომ უცხოელებს უწევთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. კომიტეტის შექმნამ, მნიშვნელოვნად დაძრა ჩვენს საზოგადოებაში პროცესები, იმ თვალსაზრისით, რომ ბევრმა უკვე იცის რა არის საყდრისი და ბევრი უკვე საქმის კურსშია. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი აკვირდება პროცესებს თუ რა ზომებს მიიღებს მთავრობა, რა ქმედებებს მიმართავს. საზოგადოება თავის სათქმელს საყდრისთან დაკავშირებით აუცილებლად იტყვის, ეს უკვე ითქვა კიდეც. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საყდრისი გადარჩება. ახლა მთავარია შევინარჩუნოთ საყდრისის სახე, რითაც დასტურდება, რომ ჩვენ ნამდვილად ვფლობთ საყდრისის ოქროს უძველეს მაღაროს.

–         საზოგადოებას, რომ მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია, აგვიხსენით თუ რას წარმოადგენს საყდრისის მაღარო? რატომ არის ის ასეთი მნიშნელოვანი ისტორიული ძეგლი და რატომ უნდა გავერთიანდეთ ყველანი მის დასაცავად?

როგორც მოქალაქე, ვფიქრობ, რომ საქართველოში საყდრისის დარი სიმდიდრე არ გვაქვს. ეს არის ყველაზე ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობა, რაც კი ქართველებს გააჩნიათ, თავისი შინაარსიდან გამომდინარე. ჩვენ რომ ვარძიაში, უფლისციხეში რელიგიური დატვირთვის კომპონენტები გამოვრიცხოთ, სიძველისა და შინაარსობრივი დატვირთვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ახლოსაც ვერ მოვა ვერცერთი საყდრისთან. საყდრისი არის ქრისტეს შობამდე IV-III ათასწლეულის კულტურული მემკვიდრეობა ჩვენს მიწაზე, უძველესი ადამიანების შრომის კვალი, რომ ისინი ბიზნესით იყვნენ დაკავებულები, მეწარმეობდნენ. მათ ტექნოლოგიები ჰქონდათ ოქროს მოძიების, გადამუშავების და შემდეგ რეალიზაციის. მთელი სამეურნეო ჯაჭვი იყო აგებული. ხვდებით ეს რამხელა რამეა პრეისტორიული ხანის უსერიოზულეს ძეგლს ვფლობთ ქართველები. ეს, ჩენი უდიდესი შრომითი კულტურის პირველი ნიშანია და ქართული თვითმყოფადობისთვის სერიოზული ხელშესახები მესიჯი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ თითოეული ქართველი ფეხზე უნდა დადგეს თავისი შესაძლებლობების და კომპეტენციის ფარგლებში, ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საყდრისი დაიცვას და გადაარჩინოს, ეს არის დიდგორზე, შამქორზე და ბასიანზე უფრო დიდი ბრძოლა თანამერდოვე ქართველებისთვის. ეს არის თვითმყოფადობის პირველი დამადასტურებელი საბუთი, რომ ქართველები ამ მიწაზე ოდითგანვე იყვნენ წარმოებით დაკავებულნი და რომ ჩვენ, პრეისტორიულ ხანაში უდიდესი კულტურა გაგვაჩნდა. საყდრისის არსებობა უსვამს ხაზს, აძლიერებს ყველა ჩვენს არგუმენტს, რომ ისტორიულად მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ჩვენი მეზობელი ქვეყნების გასათვალისწინებლად, ჩვენ ჩვენი ადგილი ღირსეულად გვაქვს დაკავებული მსოფლიო რუკაზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ადვილი მისახვედრია თუ რამხელა მნიშვნელობის შეიძლება იყოს საყდრისი თითოეული ქართველისთვის და საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანისათვის, ვისაც საკუთარი სამშობლო უყვარს. სამარცხვინოა, ყველა ის ადამიანი, რომელიც საყდრისის ნგრევაში პირდაპირ თუ ირიბად, ნებისმიერი სახით ღებულობს მონაწილეობას. აუცილებელია ყველა პირის გამოვლენა, ლუსტრაცია და მათი ეს დანაშაულებრივი ქმედებები აღიარებული უნდა იყოს საქართველოს ისტორიაში როგორც სამარცხვინო მაგალითი. მე პირადად, დიდ მადლობას ვუხდი სწორედ იმ გერმანულ მხარეს, საფრანგეთის, ბრიტანეთის, აზერბაიჯანის წარმომადგენლობას, ყველა იმ ქართველ მეცნიერს, რომლებიც მუშაობდნენ საყდრისზე, მათ დაადგინეს, დააზუსტეს, დაამტკიცეს, რომ საყდრისი არის უძველესი მემკვიდრეობა მსოფლიოსთვის და არა მხოლოდ ქართველებისთვის.

–         კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარის ნიკა ანთიძის თქმით საყდრის-ყაჩაღიანში ოქროს უძველესი მაღაროს არსებობა არ დასტურდება, თქვენი აზრით რის საფუძველზე დაიდო ეს დასკვნა? რა არგუმენტები აქვთ ანთიძეს და მეცნიერთა იმ ნაწილს რომლებიც ამ პოზიციას იზიარებენ?

არალოგიკურია, თანმიმდევრულობაში ძალიან სეროზული პრობლემები აქვთ. დიპლომატიურ კორპუსთან მე გახლდით შეხვედრაზე, ბატონ ანთიძეს გაეროს ოფისში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეხვდნენ და საკმაოდ ცხარე დებატები გაიმართა,  ბატონი ნიკოლოზი აცხადებდა და ამტკიცებდა, რომ საყდრისი არ არის კულტურული მემკვიდრეობა. წარმოიდგინეთ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარეს, ძეგლის დაცვის ნაცვლად მოყავდა არგუმენტები რომ აუცილებლად უნდა დაინგრეს საყდრისი, რომ იქ კულტურული ფენებიც კი არ არის. საყდრისის ჯალათები ამტკიცებენ, რომ იქ არანაირი კულტურული ფენის კვალი არ არის და ის არის ხვრელები, აი ეს არგუმენტები აქვთ. არ ვიცი, ამის უკან რა ინტერესები და რა მიზნები დგას, რა ლოგიკაა მაგრამ ლოგიკა არის ის, რომ არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ის არგუმენტები, რაც მათ მოყავთ. წარმოიდგინეთ, მათ მიერ ჩამოყვანილმა ორმა ექსპერტმა, ერთმა ბულგარელმა და ერთმა გერმანელმა აღიარა, რომ ეს ნამდვილად არის უძველესი ოქროს მაღარო. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს როგორც კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბარი. თუმცა, იქამდე დაიწყეს ნგრევა, ძეგლი უკვე დაზიანებულია, ბევრი რამ განადგურებულია. ამ ეტაპისთვის, საყდრისის ერთი მესამედი არის გამოკვლეული გერმანულ-ქართულ-ფრანგულ-ბრიტანულ-აზერბაიჯანული ექსპედიციის მიერ, რის საფუძველზეც მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საყდრისი მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლია. მათივე ჩამოყვანილმა ორივე ექსპერტმა, უხეშად, რომ ვთქვათ, საყდრისზე ფეხი წაკრეს მიწას და პირდაპირ არტეფაქტები ამოცვივდა. ირკვევა, რომ არაკვალიფიციურმა ხალხმა გაწმინდა საყდრისის ტერიტორია არტეფაქტებისგან, რომ იქ კულტურული კვალი არ ყოფილიყო. თუმცა, მიტომ, რომ იმ მწმენდავებს არ ჰქონდათ შესაბამისი კომპეტენცია, ვერ ხვდებოდნენ რა იყო ქვა და რა პრეისტორიული სამუშაო იარაღები. კომისიის წევრები, რომელთაც საყდრისი გაწირეს, ქილიკით საუბრობდნენ საყდრისზე და მის მცველებზე. ეს სამარცხვინო მეცნიერები, ლუსტრირებულნი უნდა იქნენ, ამბობენ, რომ რიყის ქვებით იყო ამოჭედილი საყდრისი. თემის ისეთ ჭრილში გადატანას ცდილობდნენ, თითქოს საუბრადაც არ ღირს, რომ იმ დონეზე არასერიოზულია, რომ სასაცილოა. რეალურად რიყის ქვები ბევრ სამეცნიერო ბროშურაშია ნახსენები, როგორც უძველესი პრეისტორიული ხანის სამუშაო იარაღები, ეს ნამდვილად იყო რიყის ქვა, პირები ჰქონდათ წათლილი და გამოიყენებდნენ კლდეების, ნედლეულის დასამუშავებლად, სხვადასხვა იარაღებად. ყველაფერი რაც საყდრისის თავს ხდება, ეს არის სამარცხვინო მეცნიერების ბრალი, რომლებმაც გაბედეს და ხელი მოაწერეს საყდრისის ნგრევას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, ის, რომ მეცნიერები, რომლებმაც ეს გაბედეს სხვადასხვა დროს იყვნენ კულტურის სამინისტროსა და საყდრისის დამანგრეველი კერძო კომპანიის კონტრაქტორები, ნაწილი უკვე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში დასაქმდნენ მაღალ თანამდებობებზე, ალბათ იმიტომ, რომ ხმა არ ამოიღონ და უკან არ დაიხიონ. ეს სამარცხვინო ადამიანები უკვე ღიად აღარ ჩნდებიან საზოგადოების წინაშე. როგორც მოგეხსენებათ მე მქონდა დაძაბული საუბარი ომარ ქუცნაშვილთან. დანარჩენებიც დამელოდონ, აუცილებლად მოხდება ყველას ლუსტრირება, ცოტახანში დავიწყებთ ამ პროცესს. მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ იგრძნონ სამოქალაქო საზოგადოების ძალა და მომავალში არავინ გაბედოს მსგავსი დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი ქმედებები ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე.

–         ოფიციალურად რა არგუმენტებია, რატომ ინგრევა?

რაც შეეხება მათი მხრიდან არგუმენტებს, – ბევრი ამბობს, რომ ბოლნისის ბიუჯეტი ამაზეა დამოკიდებული რამდენიმე თვით, რომ იქ 3000-მდე ადამიანია დასაქმებული. ინვესტორის ინტერესები არ უნდა იყოს შელახული. ჩვენ ადგილობრივებს ვესაუბრეთ და დავაზუსტეთ, რომ იქ ამდენი ადამიანიც არ არის დასაქმებული, სადღაც 1200 რიგითი თანამშრომელი და 500 თუ 600 მენეჯერი ჰყავთ, უფროსი მეტი გვყავს ვიდრე საქმის გამკეთებელიო ასე აცხადებენ კომპანიის რიგითი თანამშრომლები. სოფლებში აცხადებენ, რომ სოფლებიდან დასაქმებულთა რაოდენობა ძალიან დაბალია ამ კომპანიაში. გადამოწმება რომ მოვინდომოთ, არავინ მოგვცემს ამ დოკუმენტაციას. ერთადერთი რასაც შეგვიძლია დავეყრდნოთ სწორედ თანამშრომელთა ინფორმაციაა. მე პირადად კომპანიასთან არ მაქვს პრეტენზიები, ქართული კულტურა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა უნდა დაიცვან. თუნდაც ის კანონს არღვევდეს, კერძო კომპანიაა და აკეთებს იმას რასაც აკეთებს. კომპანიას ვერ მოთხოვ დაიცვას საზოგადოებრივი ინტერესები, აქ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და რა თქმა უნდა საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. საყდრისის პრობლემაზე უკვე რამდენიმე სასამართლო პროცესია წამოწყებული სხვადასხვა კონტექსტით.

–         საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა და უძველეს ოქროს მაღაროთ მიიჩნეოდა, შემდეგ კულტურის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ მას მხოლოდ არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მიანიჭა, თუმცა შემდეგ ეს სტატუსიც მოუხსნა. როგორ ახსნით ყოველივე ამას? რა გახდა მინისტრის ამ ბრძანებების საფუძველი? რამდენად ლოგიკურია მოვლენების ასეთი თანმიმდევრობა?

პირდაპირ გეტყვით, ძალიან მეიმედებოდა და დღემდე მჯერა, რომ ბატონ გურამ ოდიშარიას არ უნდა დაინგრეს საყდრისი. თუმცა, სამწუხაროდ, ხდება ის, რაც ხდება. გურამ ოდიშარია ჩამოსული ბრძანდებოდა  კარვების აქციაზე, საყდრისში, კომიტეტის წევრები შევხვდითმას. ის დაგვპირდა დახმარება, რომ ყველაფერს შეეცდებოდა. ფაქტობრივად, იმ სამ მოთხოვნაზე, რაც გვქონდა თანხმობა განაცხადა. იმ ღამესვე, ბატონი მინისრი ბრძანდებოდა რუსთავი 2-ის ეთერში და მან გააკეთა ისეთი განცხადებები, რომ ძალიან ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდა მისი პოზიცია საყდრისთან დაკავშირებით. ეს ნახა საზოგადოებამ. კომიტეტის წევრები შეხვდნენ ასევე მის უწმინდესობას, დატოვეს წერილი და სთხოვეს, რომ როგორღაც ჩარეულიყო საყდრისის პრობლემასთან დაკავშირებით. მოხდა ისე, რომ მეორე დღესვე უწმინდესი შეხვედრა პრემიერს და პატრიარქმა გააცნო თავის პოზიცია, პრემიერი დაპირდა ილია II-ს, რომ საკითხის საზოგადოების საკეთილდღეოდ გადაწყვეტდა. ეს დაპირება პრემიერის აპარატმაც დაადასტურა. ჩვენ ამ დაპირების ძალიან გვჯერა. ვიმედოვნებთ, რომ საყდრისთან დაკავშირებით ყველა სამთავრობო სტრუქტურა მიიღებს ადეკვატურ, სათანადო ღონისძიებებს. იცით, ეს ძეგლი არის ხალხის, საზოგადოების და არანაირ ფასად არ ღირს მისი ნგრევა. მე მინდა ვკითხო ნებისმიერ ადამიანს და მიპასუხოს რად უღირთ ვარძიის, უფლისციხის ან სხვა ასეთი მნიშვნელობის მემკვიდრეობის გაყიდვა, რამდენი უნდათ რომ ამან ყველაფერმა ბიუჯეტში თანხა შემოიტანოს?

–         თქვენ აღნიშნეთ, რომ გურამ ოდიშარიას სურს დაგეხმაროთ, რატომ ვერ გეხმარებათ, ფიქრობთ, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება?

არ ვიცი ზეწოლა ხორციელდება თუ გუნდური მუშაობის პრინციპია. არ ვიცი ვისი ინტერესია, მაგრამ ერთში ვარ დარწმუნებული, რომ საყდრისის დანგრევა ვერ მოხდება. ეს არის არაადეკვატური ქმედება, მე კონკრეტულად ვერ გეტყვით ზეწოლა იყო, არის თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანს ერთ დღეს ერთი პოზიცია ჰქონდა, მეორე დღეს უცებ შეიცვალა დამოკიდებულება. ანუ, რაღაცები მოხდა და რა მოხდა ამას მე თქვენ ნამდვილად ვერ გეტყვით. თუმცა კიდევ ვიმეორებ მე მჯერა, რომ ამ ადამიანს ესმის საყდრისის მნიშვნელობა. ვნახოთ რა და როგორ იქნება.

–         თქვენი მოთხოვნები რაში მდგომარეობს და საინტერესოა მათი დაკმაყოფილება რაიმე სახით თუ იქნა გათვალისწინებული ან მიღებული სახელმწიფოს მხრიდან? გაქვთ თუ არა კონკრეტული მოთხოვნები, ამ ეტაპზე?

პირველად, როცა ჩვენი კომიტეტი შეიქმნა სამი მოთხოვნა გვქონდა, ეს სამი მოთხოვნა იყო ის, რომ მომხდარიყო  ქართველი ექსპერტებისა და დაინტერესებული ჯგუფების საყდრისში შეშვება, მომხდარიყო აღწერა იმის თუ, რა დაზიანდა, რა მდგომარეობაში იყო ძეგლი. მეორე ეს იყო, რომ სასწრაფოდ გამოცხადებულიყო მორატორიუმი, შეწყვეტილიყო სამუშაო, სანამ საკითხი არ გადაწყდებოდა, მესამე ჩამოეყვანათ დამოუკიდებელი, სანდო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დადებდა სანდო გადაწყვეტილებას ძეგლთან დაკავშირებით. ცნობისთვის, როდესაც ქართულმა მხარემ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ საყდრისის მნიშვნელობა და გერმანული მხარე დაადანაშაულა არაკვალიფიციურობაში, გერმანიის მთავრობამ ურჩია ჩვენს სახელმწიფოს, რომ 5  სხვადასხვა ქვეყნიდან მოეწვიათ მეცნიერები, მათ ემსჯელათ საყდრისის ბედზე. ამერიკულმა მხარემ გამოთქვა ასევე თანხმობა, რომ ამ ექსპედიციაში მიეღო მონაწილეობა. როცა მინისტრი საყდრისში ბრძანდებოდა, ჩვენ შევთავაზეთ ეს ვარიანტი და დავამატეთ, რომ ქართველებიც ჩართულიყვნენ ამ პროცესში, თუნდაც ორი ადამიანი ვინც ანგრევდა და ორი ადამიანი ვინც იცავდა ამ ძეგლს, რომ ქართველებსაც ჰქონოდათ წვლილი ამ საკვანძო საკითხებში. იმ ეტაპისთვის, ჩვენ ვთხოვეთ ასევე, ერთი გერმანელიც ყოფილიყო ჩართული ამ საკითხებში. მოკლედ ეს მოთხოვნა არ შესრულდა. სააგენტომ ჩამოიყვანა ერთი ბულგარელი და ერთი გერმანელი მეცნიერი.

–         ბულგარელი და გერმანელი მეცნიერების დასკვნაზე რას იტყვით?

მათაც დადეს დასკვნა, რომ საყდრისი ნამდვილად არის უმნიშვნელოვანესი მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობა, რომ მათიც არის საყდრისი, არა მხოლოდ ქართველების. თუმცა, მერე ანგარიშში მოაყოლეს რაღაც რეკომენდაციები, თითქოს სამუშაოები შეიძლება გაგრძელდესო, მაგრამ კაციშვილმა არ იცის ის რეკომენდაციები, არის თუ არა სანდო. ეს დასკვნითი ნაწილი სააგენტოს და კომპანიის ინტერესებზეა მორგებული, მაგრამ ამ დასკვნაშიც კი პირდაპირ, ცალსახად ხდება აღიარება, რომ ეს ნამდვილად არის უძველესი ოქროს, ხაზს ვუსვამ, ოქროს მაღარო. მათ ამ 10 დღის განმავლობაში არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით და ადგილის ზედაპირული დათვალიერებით დაასკვნეს და თქვეს რომ არის სპილენძის და ოქროს კვალი, თუმცა ოქრო ჭარბობს. დავა რეალურად გადაწყვეტილია. თითქოს ქართული მხარე კიდევ ელოდება რაღაც საბოლოო დასკვნას. ის არაფერი აღარ იქნება. ყველაფერი უკვე თქვეს იმ ადამიანებმა. მართლაც კვალიფიციური მეცნიერები ბრძანდებოდნენ. სამი რჩევა მისცეს ქართულ მხარეს ერთი სასწრაფოდ მიანიჭონ ობიექტს ძეგლის სტატუსი, მეორე თუ ქვეყანას უღირს დაანგრიონ, – თუმცა უნდა იცოდნენ, რომ ძეგლს ანგრევენ და მესამე დასხდეს ყველა მხარე მაგიდასთან და იმსჯელონ და კონსესუსის სახით გადაწყდეს საკითხი. კიდევ ვიმეორებ მთავარი არის, ის, რომ ქართულ მხარეს აინტერესებდა დამოკიდებულება საყდრისთან, როგორც კულტურულ მემკვიდრეობასთან. მათ ეს აღიარეს, მთელი მსოფლიო აღიარებს. საყდრისი ელოდება აღიარებას ქართველებისგან.

–         რა ინფორმაციას ფლობთ, არის თუ არა დაზიანებული ოქროს საბადო იქ ჩატარებული სამუშაოების მიზეზით? თუ კი რის საფუძველზე ამბობთ ამას, მოგეცათ თქვენ  საშუალება დაგეთვალიერებინათ საყდრისის ის ნაწილი და ადგილები, რაც კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს?

თითქმის მთლიანად არის ფაქტები განადგურებული. საუბარი მაქვს, იმ ერთ მესამედ ნაწილზე, რომელიც გამოკვლეულია. თუმცა კიდევ უნდა იქნას გამოკვლეული ორი მესამედი. მაღარო ისევ იქვე დგას, მთავარია, რომ კიდევ არ გაგრძელდეს სამუშაოები. კომიტეტის წევრებს მიეცათ საშუალება შესულიყვნენ საყდრისის მაღაროში. კარვების აქცია ახალი დაწყებული გვქონდა, მოულოდნელად, ჩვენთან მოვიდნენ სააგენტოს წარმომადგენლები და სასწრაფოდ 2 სტუდენტის გამოყოფა და ობიექტზე შეყვანა შემოგვთავაზეს. იქ იყო ულტიმატუმი, რომ ვიღაცებს ჰქონდათ შესვლის უფლება და ვიღაცებს არა. ჩვენს შესვლას იქ არანაირი აზრი არ ჰქონდა, მთავარი იყო სპეციალისტები შესულიყვნენ და ამის საშუალება არ მოგვცეს. თუმცა 3 ადამიანი მაინც იყო შესული, უბრალოდ დაათვალიერეს, ვერც მიხვდებოდნენ და ვერც მიხვდნენ იქ რა ხდებოდა.

–         საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრმა მარინა მიზანდარმა ჟურნალისტებს საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული შუალედური დასკვნა წარუდგინა. მისი თქმით, შუალედურმა დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საყდრისი არის უმნიშვნელოვანესი ძეგლი და ეს ოქროს უძველესი მაღარო იყო. მიზანდარის ინფორმაციით, დასკვნაში რეკომენდაციის სახით აღნიშნულია, რომ მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიენიჭოს. რა პასუხია ამ დასკვნაზე კულტურის სამინისტროს მხრიდან?

ამ დასკვნაზე კულტურის სამინისტროს პასუხი არ ვიცი, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ამბობს, რომ აღიარებს ამ მეცნიერების დასკვნას. პარალელურად აცხადებს, რომ კომპანიას აქვს შესაძლებლობა გააგრძელოს სამუშაოები. არ მესმის აქ რა ლოგიკაა. ასეთი რამ თქვა ანთიძემ, რომ ისინი აღიარებენ საყდრისს იმ შინაარსით როგორც ამ ორმა მეცნიერმა აღიარა, არ ვიცი, ფიქრობენ თუ არა სტატუსის მინიჭებას, მაგრამ იმ მეცნიერებს რეკომენდაციაში  უწერიათ, რომ კომპანიას აქვს უფლება გააგრძელოს სამუშაოები, სამუშაოების გაგრძელების ბევრი სხვადასხვა ალტერნატიული მეთოდი არსებობს, შეიძლება ის მეცნიერები სწორედ ისეთ მეთოდს გულისხმობდნენ, რომელიც ძეგლის დაზიანებას არ ითვალისწინებს. ყოველ შემთხვევაში, იმ მეცნიერებისგან, ქართულ მხარეს აინტერესებდა აღიარება, მათ საყდრისი აღიარეს.

–         ახლახანს გავრცელა ინფორმაცია, რომ საყდრისის გადარჩენის კომიტეტმა მთავრ პროკურატურას მიმართა, კონტროლზე აიყვანოს საყდრისის საქმე და დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა, იყო თუ არა პროკურატურისგან გამოხმაურება?

რაც შეეხება იურიდიულ საკითხებს, ალბათ ყველა ქართველს ერთი პოზიცია აქვს. ვინც ერის ღალატში მიიღებს მონაწილეობას და ქართული ინტერესებისთვის, საზოგადოების საზიანოდ, მოღალატეობრივ პოზიციას დაიჭერს, დაანგრიოს კულტურული მემკვიდრეობა, საფრთხე შეუქმნას ქართულ ენას, ქართულ ღირებულებებს, ტრადიციას, კულტურას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ჩვენ ქართველებს, გვეხმარება თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, ყველა ვინც ამ მავნებლობას აკეთებს, – არის მოღალატე. შესაბამისად, როდესაც კომიტეტი შეიკრიბა და იმსჯელა ამ საკითხებზე, გადაწყვიტა, რომ პასუხი უნდა მოეთხოვოს და უნდა მოხდეს ყველას ილუსტრირება. აუცილებელია დამნაშავეების გამოვლენა, არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური პირია, თუ იურიდიული პირი. სახელმწიფო მოხელე თუ სხვა. ვინც  მონაწილება მიიღო საყდრისის ნგრევაში, უნდა დაისაჯონ, კანონის ფარგლებში. აუცილებელია, რომ მათ აგონ პასუხი. ერთადერთი ინტერესი აქვს ამას, არა თვითონ დასჯა, – არამედ ის, რომ სხვა დროს მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს და საქართველოში ნელ-ნელა დაიწყოს სამოქალაქო საზოგადოების გამოცოცხლება. საყდრისთან დაკავშირებით მოძრაობის დაწყება, სწორედ არის სამოქალაქო საზოგადოების გამოცოცხლების სერიოზული დემონსტრირება. ისე, ერთის მხრივ ეს უნდა უხაროდეს მთავრობას, რომ ამის პრეცედენტი შეიქმნა.

–         „თბილისი თაიმსმა“  ჩაატარა გამოკითხვა, სადაც  საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. ჩვენ მათ მივმართეთ ერთი კითხვით – ეთანხმებიან თუ არა საყდრისიყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდაან ამოღებას?  70 გამოკითხულიდან 61 ადამიანი არ ეთანხმება. გარდა ამისა, როგორ ვიცი საზღვარგარეთ მყოფი ემიგრანტებიც მხარს უჭერენ თქვენი კომიტეტის მოთხოვნებს. როგორ ფიქრობთ, რატომ არ სურს დღევანდელ ხელისუფლებას საზოგადოების ამ დიდი ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინება?მთავარი პრობლემა მათში რა არის, არასწორი ინფორმაცია აქვთ, არ იცნობენ ამ საკითხს თუ სხვა რამ?

ყველამ უნდა დაიცვას საყდრისი, თითოეულმა მოქალაქემ, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. ვინც ამბობს არ ვარ საქმის კურსში და ა.შ. ის არც ეროვნულობის ღირსია, არც მოქალაქეობის. იმიტომ, რომ ყველა ადამიანი დღეს საქართველოში უნდა იყოს სამოქალაქოდ აქტიური, უნდა დამთავრდეს ეს მთავრობებზე, ლიდერებზე, ბელადებზე ორიენტირებულების კულტურა და არასწორი ტრადიციები. ბევრი მაგალითი გვაქვს და ვეღარ მივხვდით, რომ ჯობია თავად მივხედოთ ბევრ პრობლემას. რას ნიშნავს არ ვიცი რა ხდება? რატომ უნდა იფიქროს ვინმემ რომ მის გასაკეთებელს სხვა გააკეთებს? თვითონ, სამოქალაქო სექტორი უნდა იყოს ძლიერი, არ უნდა გაუბედონ ასეთი რამ. შესაბამისად, თითოეული ქართველი ვალდებულია, კეთილი ინებოს და გაერკვეს ასეთ მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებში. აქ ჩვენს თვითმყოფადობაზე არის საუბარი. აუცილებელია მოქალაქეები აქტიურად იყვნენ ყველა იმ თემებში ჩართულები, რომლებიც ეხმარება საქართველოს, რომ შეინარჩუნოს თავისი ადგილი, თავისი ტრადიცია, კულტურა და თვითმყოფადობა. ეს არ მოდის წინააღმდეგობაში დემოკრატიის პრინციპებთან. პირიქით, ძალიან გვჭირდება ამ მხრივ აქტიურობა. ამ ყველაფრის მიზეზიც ის არის, რომ სამწუხაროდ სამოქალაქო საზოგადოება არის სუსტი. ძლიერი რომ იყოს, მაშინ ვერ მოხდებოდა ასეთი გადაწყვეტილებების, ასეთი ნაბიჯების გადადგმა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს უმაღლეს ხელისუფალთ ეყოფათ კეთილგონიერება და კარგად გაერკვევიან საქმის ვითარებაში და რომ ბოლომდე შეძლებენ დაიცვან საყდრისი,  როგორც ქართველი ერის  უმნიშვნელოვანესი სიმდიდრე. სიმდიდრე, რომელიც მსოფლიოსთვისაც ძალიან ფასეულია და აღიარებული საერთაშორისო სამეცნიერო კორპუსის მიერ.

–         როგორ ფიქრობთ, ასოცირების ხელშეკრულებას საყდრისის პრობლემა შეუშლის თუ არა ხელს?

ახლა ჩვენს ქვეყანაში აქტუალური თემაა ასოცირების ხელშეკრულება, რის ფარგლებშიც ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს აღებული, ის აუცილებლად ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, განვითარებას და ა.შ. ძალიან ბევრი საკითხია. ჩვენს კომიტეტში ითქვა, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის პირები, შესაბამის ინსტიტუციებს აუცილებლად მისწერენ და დაეკონტაქტებიან, რომ ჩვენთან სერიოზული პრობლემებია კულტურული მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით. არ ვიცით, ამან შეიძლება ძალიან ცუდად იმოქმედოს. გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აუცილებლად ითვალისწინებს თანამშრომლობას, რომლის ეგიდითაც აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი უკვე საქმის კურსშია საყდრისის პრობლემასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ გაეროს ოფისში დაიბარეს სააგენტოს წარმომადგენლები და მათ მოუწიათ დიპლომატებთან ახსნა-განმარტებების გაკეთება, თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი საყდრისთან დაკავშირებით. ამ შეხვედრაზე მეც გახლდით. ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე. მან შეხვედრაზე დიპლომატებს განუცხადა, რომ თავი სასამართლო პროცესზე ეგონა. ელჩებს ეცინებოდათ. ხვდებით ხო რასთან გვაქვს საქმე? მომდევო ეტაპი იქნება ის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სხვადასხვა ინსტიტუციებს, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეწერებათ წერილები, რომ ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან საყდრისი, როგორც მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობა და უძვირფასესი, უნიკალური მაღარო. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ამის გაკეთება და ვნახოთ როგორ იმუშავებს. კომიტეტი მზადაა, რომ ყველაფერი გააკეთოს საყდრისის გადასარჩენად.

–         ვინ არის თქვენი მხარდამჭერები და  იღებთ თუ არა ფინანსურ დახმარებას?

რაც შეეხება ჩვენს მხარდამჭერებს და გვაქვს თუ არა განსაკუთრებული ზურგი, ჩვენ ვისაც ვეკონტაქტეთ ყველა გამოთქვამს საყდრისთან დაკავშირებით გულშემატკივრობას, ძალიან ბევრი მეტალურგი, არქეოლოგი, გეოლოგი, კულტუროლოგი, ენათმეცნიერი. ას კაცზე მეტია მეცნიერთა კორპუსი, რომელიც იცავს საყდრის, ხაზს უსვამენ, რომ საქართველოსთვის და ქართველისთვის ჩვენი თვითმყოფადობისთვის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის, სუვერენიტეტისთვის, მომავალ მსოფლიო რუკაზე ჩვენი ღირსეული ადგილისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საყდრისის არსებობას საქართველოში. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია ამ ძეგლის შენარჩუნება. გარდა ამისა, საზოგადოება დგას ფეხზე და ყველა ქართველი აკვირდება როგორ განვითარდება მოვლენები საყდრისთან დაკავშირებით, ვაი თუ ცუდად, – ამას მოყვება ძალიან ცუდი შედეგები! რაც შეეხება დაფინასების საკითხს, ვისაც რა გაგვაჩნდა ყველა იმით წავედით, ჯიბის ფულიც დავდეთ, ძალიან ბევრ ადამიანს ანაზღაურებადი სამსახური აქვს და არავინ არ იფიქროს, რომ მოცლილები და უსაქმურები არიან იქ. ამ თანხებით ხდებოდა მობილიზება, ჩვენი ჯიბის  ფულით და გარდა ამისა ძალიან ბევრმა უცხოეთიდან შემოგვწირა ფული. ახლა კომიტეტმა გადაწყვიტა და ერთ-ერთი პატიოსანი ადამიანის სახელზე ანგარიში გაიხსნა და ვისაც სურვილი ექნება იქ შემოგვწირავს თანხას საყდრისის გადასარჩენად. გვაქვს ძირითადად სატრანსპორტო საკვების და ინფრასტრუქტურული, მოწყობის ხარჯები. თბილისიდან ერთმა პენსიონერმა ქალბატონმა პირველი შემოწირულობა, თუ არ ვცდები, 100 აშშ დოლარი და 50 ლარი გაგვატანა, მეორედაც ჩამობრძანდა და ისევ 100 აშშ დოლარი შემოგვწირა. სხვა მოქალაქეებმაც გაგვატანეს თანხები, მერე იქ ერთი მამაკაცი ჩამობრძანდა მამალაძე ბრძანდებოდა გვარად და ჩამოგვიტანა ასი ლარი და ერთი ლარი. ანუ ერთი ლარი იყო სამარშუტო ტაქსის ღირებულება, მაგრამ მძღოლმა როცა გაიგო სად მიდიოდა, არ გადაახდევინა და ის ერთი ლარიც დაამატა. ძალიან ბევრი ვინც აიღებდა ხელფას, იქ ჩამოჰქონდა ნაწილი, საკვები მოჰქონდათ და ა.შ. დღემდე ამითი არსებობს კომიტეტის მიერ ორგანიზებული კარვების აქცია და მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც მიიღო მონაწილეობა. ყველა ხარჯი გამოქვეყნდება, როდესაც აქციები დასრულდება. შეგახსენებთ რომ უკვე 50 დღეა იქ კარვების აქცია მიდის. ახლა სიმბოლური ხასიათი აქვს და დაკვირვების რეჟიმში ვართ, კოშკურა ავაშენეთ და იქიდან ვაკვირდებით საყდრისს.

ფოტოზე ასახულია სამეცნიერო ბროშურაში მოყვანილი მინერალებისა და მაღაროების რუქა, სადაც საყდრისი დატანილია და აღიარებულია მსოფლიოში უძველეს ოქროს მაღაროდ. IMAG1128 წყარო: ბულგარეთის არქეოლოგიის ნაციონალური მუზეუმი, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია, ბალკანეთის ქვეყნების მინერალებისა და მაღაროების საერთაშორისო ასოციაციის არქივი.

–         რას ფიქრობთ, რატომ მოხდა მთელი ამ ამბის ამ დონემდე მიყვანა? თითქოს ყველაფერი ნათელია.

იცით, ძალიან ბევრს ვფიქრობდი რა ხდება საყდრისის ირგვლივ და რატომ ხდება. ვერაფრით ვერ ვაწყობდი ლოგიკას და ვერ ვპოულობდი პასუხებს კითხვებზე. ძალიან დაბნეული ვიყავი, არეული. ახლაც არ ვარ გარკვეული. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ორიენტირი გამეკეთებინა საყდრისსზე, რომ ის არ უნდა დაინგრეს და სულერთია ჩემთვის ვის რა ინტერესები აქვს, ვინ რის უკან დგას და ვის რა ზრახვები აქვს. მე ყველაფერი უნდა გავაკეთო, რასაც შევძლებ. ერთი კი ფაქტია, დღეს სამუშაოები შეჩერებულია. დიდი იმედი მაქვს, რომ მხოლოდ არჩევნებამდე არა. საყდრისზე ისე განვითარდა მოვლენები, რომ საუკეთესოშ საშულებაა იმის დემონსტრირებისა, რომ საქართველოში დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებამ გამოცოცხლება. ეს ყველას სჭირდება. ამაზე საუბრობდა ძველი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. გახსოვთ ხო, მან თქვა მივდივარ უფრო მნიშვნელოვანი საქმის საკეთებლად, უნდა გამოვაჯანსაღო სამოქალაქო საზოგადოება. ხოდა ახლა საყდრისზე ისე განვითარდა მოვლენები, იმდენი სხვადასხვა ადამიანი და ჯგუფი ჩაერთო, ისე მოექცა მთელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ყველა საყდრისზე საუბრობს, რომ არ შეიძლება ამას ადეკვატური რეაქცია არ მოჰყვეს მთავრობის მხრიდან. გაცილებით დიდი პლუსებს ჩაიწერს დღევანდელი მთავრობა საზოგადოების თვალში, თუ საყდრისს დაიცავს და განავითარებს ამ თემას სათანადო დონეზე და სწორ მიმართულებას მისცემს, ვიდრე მისი დანგრევით შეიძლება საზოგადოებამ მიიღოს სარგებელი. ვფიქრობ სწორი ანალიზია გასაკეთებელი. გასათვალისწინებელია, რომ ეს ადამიანები არ გაჩერდებიან და გაგრძელდება დამოუკიდებელი ბრძოლა ქართული ინტერესების საკეთილდღეოდ სხვა მიმართულებითაც და ეს ყველას სჭირდება.

–         კომიტეტის სამომავლო გეგმა როგორია? რას აპირებთ თუ კვლავ არ მოხდა თქვენი კომიტეტის მოთხოვნების სრულად თუ არა ნაწილობრივ გათვალისწინება? როგორ ფიქრობთ,საბოლოოდ როგორ დასრულდება ყოველივე ეს?

რაც შეეხება კომიტეტის მომავალ გეგმებს, ჩვენ ვთვლით, რომ საყდრისი უკვე არის გადარჩენილი, თუმცა მუშაობას არ ვწყვეტთ, სანამ საბოლოო საზოგადოებისთვის მისაღები დოკუმენტი არ დაიდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სანამ საყდრისში არ აშენდება მუზეუმი, არ მიეცემა საბოლოო სახე, რაც უნდა ჰქონდეს ზოგადად ამ ძეგლს, იქამდე  კომიტეტი არ დაიშლება. მივადევნებთ თვალყურს, რომ საყდრისთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად დამთავრდეს. როდესაც საყდრისის საქმე მოგვარდება მერე უკვე თუ შეგვწევს ძალა, რომ ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში კიდევ სხვასა პრობლემის მქონე ფაქტს გადავწვდეთ, იმასაც გავაკეთებთ. აღარ განვიხილავთ, რომ ვინმე გაბედავს და საყდრის ცუდად შეეხება. უკვე დაინახეს თუ რასთან და ვისთან აქვთ საქმე. აქ ჩვენი საზოგადოების გონიერი ნაწილი დგას, – საყდრისის მხარეს. თუ რამე მიქარეს და იქ პროცესები ჩვენთვის არასასურველი მიმართულებით წავიდა, არიან ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან ტრაქტორებს შეუვარდნენ და ყველა გზით შეეწინააღმდეგონ საყდრისის ნგრევას. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია რა რადიკალურ გზებს მივმართავთ თუ სიტუაცია ჩვენთვის არასასურველად წარიმართება. იმაზე არც კი მინდა ვიფიქრო, რა ვერსიები მუშავდებოდა ამ შემთხვევისთვის. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ახალგაზრდებს, მათ შორის მეც, ამას არ აიძულებენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის დიდგორზე, შამქორზე, ბასიანზედა ასპინძის ბრძოლაზე არანაკლები ბრძოლა. ნუ დაგვავიწყდება ეროვნულ მოძრაობაში საქართველოს ისტორიის გამორჩეული ქართველი გმირის საგულისხმო სიტყვები, რომელთაც თითქოს ვერ ვიაზრებთ, არადა ყველამ ვიცით და ვაღიარებთ: “ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს – ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, – რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც.”

ილია ჭავჭავაძე, გაზეთი „ივერია“, №17, 1888 წ.

ყველა იმ ადამიანს მინდა გადავუხადო მადლობა, ვინც საყდრისის დაცვისთვის თუნდაც მცირედი გააკეთა. კარვების აქცია საყდრისში საკმაოდ დიდი რისკის შემცველი იყო, ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და გარისკა. აქვე მინდა დავსძინო, რომ ქვეყნის მტერია ყველა, ვინც გაიმეტა და ხელი მოაწერა საყდრისის ნგრევას. მათ მომავალი თაობა აუცილებლად გასცემს პასუხს. ჩვენი სულიერი მამის უწმინდესის და უნეტარესის სიტყვებით დავამთავრებ ჩვენს ინტერვიუს “ახალგაზრდებმა უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე”.

02.06.14

526819_443173072426702_317343174_n (320x288) (150x135)

ლანა წურწუმია        

Please follow and like us: