საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს დელეგაციის წარმომადგენლები მიიღო.
ჩინეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჭან ვეი. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც სახელმწიფო ასევე ჩინეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის საკითხები.
გიორგი კვირიკაშვილმა სტუმრებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები გააცნო, ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გეგმავს, მნიშვნელოვნად გაზარდოს ექსპორტის მოცულობა ჩინეთში. ამ მიზნით, საქართველო მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენებში, სადაც ქართველი მწარმოებლები საკუთარ პროდუქციას წარადგენენ.
აღნიშნული გამოფენების მეშვეობით, შესაძლებელი იქნება საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზება ჩინეთში, აცხადებენ სამინისტროში.
შეხვედრას აგრეთვე დაეწრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია.
2012 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთი საქართველოს სიდიდით მეოთხე სავაჭრო პარტნიორია. 2012 წელს სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 7 პროცენტით გაიზარდა. ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა 2013 წელსაც. მათ შორის, ექსპორტის მაჩვენებელმა მოიმატა 181.9 პროცენტით. მათ შორისაა ისეთი ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი, როგორიცაა ქართული ღვინო, რომლის გაყიდვებიც ჩინეთში იზრდება.
24.04.13