საფრანგეთი, როგორც მისიის წამყვანი ქვეყანა, განსაკუთრებით მოხარულია საქართველოს სამხედრო წვლილით, – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა რენო სალენსმა გუშინ ქართველი სამხედროების ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში გამგზავრების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რენო სალენსმა ქართველ სამხედროებს მისიაში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი და ფრანგი სამხედროები ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში ერთად მონაწილეობდნენ.
“მინდა ხაზი გავუსვა ერთ საინტერესო დამთხვევას. დღეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო დღეა, რომელსაც მსოფლიო ლიდერები აღნიშნავენ ნორმანდიაში. ეს გვახსენებს ჩვენ ყველას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბრძოლა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის. დღეს ასევე მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, ევროკავშირისთვის, საფრანგეთისა და აფრიკისთვის. ქართველი სამხედროები გაემგზავრებიან ცენტრალურ აფრიკაში, სადაც ისინი შეუერთდებიან ევროპელ სამხედროებს, რათა ხელი შეუწყონ სტაბილურობას და კონსტიტუციურ წესრიგს. საფრანგეთი, როგორც მისიის წამყვანი ქვეყანა, განსაკუთრებით მოხარულია საქართველოს ამ სამხედრო წვლილით. ჩვენი ჯარები მხარდამხარ იყვნენ ავღანეთის წინა ოპერაციებშიც. ჩვენ ვაფასებთ პროფესიონალიზმს და ქართველი სამხედროების თავდადებას, ჩვენ ასევე მადლიერი ვართ მთავრობის გადაწყვეტილების. როდესაც მსოფლიოს უსაფრთხოება საფრთხის წინაშეა და მსხვერპლის გაღებაა საჭირო, ზოგიერთი ქვეყანა მაშინვე პასუხობს და იზიარებს გლობალურ პასუხისმგებლობას, მაშინაც კი, როდესაც ოპერაციის ველი მათთვის ძალიან შორი და უცნობია. საქართველო არის ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა”, – განაცხადა რენო სალენსმა.
07.06.14