ნატო არ აღიარებს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. არჩევნების გამართვას. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ეს არჩევნები ხელს არ უწყობს საქართველოში შექმნილი ვითარების მშვიდობიან დარეგულირებას. ნატო-ს მოკავშირეები არ აღიარებენ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას”, – აღნიშნავს ნატო-ს გენერალური მდივანი.
ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, 4 ივნისს გამართულ სხდომაზე ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
ამასთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამართულ არჩევნებს არ ცნობს ევროკავშირი. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი არ ცნობს იმ საკანონმდებლო და კონსტიტუციურ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში “საპარლამენტო არჩევნები” გუშინ გაიმართა.
09.06.14