აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე “ტელეარხ 25-ის” ჟურნალისტს ჯაბა ანანიძეს პროკურატურაში ჩივილით ემუქრება.
როგორც ჟურნალისტი აცხადებს, დეპუტატის მხრიდან მუქარისშემცველი სატელეფონო ზარი მასთან გუშინ, მას შემდეგ განხორციელდა, რაც ეთერში მის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი ,,უმაღლესი კომფორტით” გავიდა.
“ახლა მე ვიწყებ შენს წინააღმდეგ მუშაობას, ,,მიკერძოებული ხარ” ,,ცოლი გყავს? საეჭვო მიხვრა-მოხვრა გაქვს” ,,ხვალ დაიკითხები პროკურატურაში”, – ეს ის ფრაზებია, რომლითაც ჟურნალისტის თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მედეა ვასაძემ მიმართა.
მისივე განმარტებით, საგამოძიებო ფილმი ,,უმაღლესი კომფორტით” აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ გაწეულ ხარჯებსა და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ეფექტურობას ეხებოდა.
ჯაბა ანანიძე მიიჩნევს, რომ ამ ხერხით დეპუტატი მის დაშინებას ცდილობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 16:00 საათზე ჟურნალისტი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგს გამართავს.
09.06.14