საქართველოს პრეზიდენტი ნატო-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გამო მადლობას უხდის.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“მივესალმებით იმას, რომ მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი პოზიცია და დაგმეს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოქალაქეებს მრავალი წელია, წართმეული აქვთ საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ლეგიტიმური უფლება, რეგიონში დარჩენილი მოქალაქეების უფლებები კი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ყოველდღიურად ირღვევა. საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და ადამიანის უფლებათა მძიმე ვითარების ასახვის შესაძლებლობა არ ეძლევათ. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 2014 წლის 8 ივნისს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში უკანონოდ გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრულ უპატივცემულობასა და უგულვებელყოფას წარმოადგენს”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
10.06.14