ყველაზე ტვინგაყინულებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სისტემა და არაფერი აქვს მას საერთო ანტისარაკეტო სისტემასთან, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს დღეს ალბანეთის თავდაცვის მინისტრ მიმი კოდელისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
რაც შეეხება იმას, თუ ვისთან აწარმოებს ქართული მხარე თავდაცვითი სისტემების შესახებ მოლაპარაკებებს, ირაკლი ალასანიამ არ დააკონკრეტა, ხოლო ვადების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ეს მოლაპარაკებები დასრულდეს, თავდაცვის მინისტრმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ რაციონალურ ვადებზეა საუბარი.
ირაკლი ალასანიამ ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთმა ნატო-ს საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განთავსება უნდა შესთავაზოს. ირაკლი ალასანიას ამ განცხადებას პოლიტიკოსებში ინტერპრეტაცია მოჰყვა, რომ თავდაცვის მინისტრი საქართველოში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებაზე საუბრობდა.
11.06.14