დიდი გერმანელი ფილოსოფოსი ჰეგელი ამბობდა: „უბედურია ერი, რომელსაც საკუთარი ფილოსოფიური აზროვნება არ გააჩნიაო“. საბედნიეროდ, ქართული ფილოსოფიის არსებობა მსოფლიოში აღიარებული ფაქტია.
დღეს, საქართველოში ფაქტიურად ფილოსოფიის ინსტიტუტი არ არსებობს. რა მიზეზების გამო მოხდა ფილოსოფიის ინტიტუტის გაუქმება და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ეს საკითხი ამ თემაზე „თბილისი თაიმსს“ სავლე წერეთლის სახელობის ფილოსფიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის მოადგილე, ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი კახა ქეცბაია ესაუბრა.
2011 წელს გააუქმეს ფილოსოფიის ინსტიტუტი, თქვენი ინფორმაციით, რატომ გაუქმდა და რა საფუძვლები ჰქონდა ინსტიტუტის დახურვას?
სააკაშვილის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, მთელი სამეცნიერო დაწესებულებები მოსპო და გაანადგურა. მათ შორის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ინსტიტუტები, რომელთაც საუკუნოვანი ისტორია და ტრადიციები ჰქონდათ. ინსტიტუტების გაუქმებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. ეს არის დანაშაული. ოცდამეერთე საუკუნეში საქართველოში მოხდა პრეცედენტი იმისა, რომ პროფესიონალი ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები დაკავებული თანამდებობეიდან გაანთავისუფლეს იმისათვის, რომ მათ უხელფასოდ მუშაობაზე და ილიას უნივერსიტეტის ადმიანისტრაციის ნება-სურვილების შესრულებაზე უარი თქვეს. ინსტიტუტის დახურვა ნაცმოძრაობის აქტივისტებმა განახორციელეს. ამ საქმეს სათავეში გიგი თევზაძე და სერგო რატიანი ედგნენ. მათ განახორცილეს ეს ყოვლად მზაკვრული და დანაშაულებრივი აქტი. კერძოდ, გიგი თევძაძის ინიციატივით, თანამშომელთა ნების საწინააღმდეგოდ, ინსტიტუტი სტრუქტურული ერთეულის სახით ილიას უნივერსიტეტს მიუერთეს. ილიას უნივერსიტეტს ფილოსოფიური კვლევა-ძიების არანაირი ტრადიციები არ აქვს. თუ მიერთება იყო, ინსტიტუტი თსუ-ს უნდა მიერთებოდა, რომელსაც მსგავსი კვლევის საკმაო გამოცდილება აქვს. განათლებისა და მეცნიერების იმდროინდელი მინისტრი ინსტიტუტის მიერთების ამ ფაქტს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევდა და პროტესტის შემთხვევაში საერთოდ გაუქმებით იმუქრებოდა. ამიტომ ჩათრევას ჩაყოლა ჯობიას პრინციპით ინსტიტუტი ილიაუნის მიუერთდა. ინსტიტუტის თანამშრომლებს უნივრესიტეტის ხელმძღვანელობა ხელფასების მომატებას და უკეთეს სამუშაო პირობებს დაგვპირდა, მაგრამ დაპირებას პირიანი ადამიანები იძლევიან და ასრულებენ. ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისათვის ამგვარი რამ სრულიად უცხოა. ინსტიტუტის მიერთებიდან ერთი წლის თავზე, მათ ახალი ხელშეკრულება შემოგვთავაზეს, რომელშიც უხელფასოდ უნდა გვემუშავა ვადის ამოწურვამდე – 2013 წლის აგვისტომდე. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის უნივერსიტეტია სადაც ლიბერალიზმი და დემოკრატია ყვავის. თუ ეს ასეა, მაშინ სად გაგონილა მეცნიერებს ეუბნებოდე უხელფასოდ იმუშავეთო. ეს რანაირი დემოკრატიაა? ასეთი დემოკრატია ჰქონდა სააკაშვილს. ინსტიტუტის არც ერთმა თანამშრომელმა ხელი არ მოაწერა პიროვნების ღირსების შემლახველ, თევზაძე-რატიანის დანაშაულებრივ ხელშეკრულებას, რის შემდეგაც ისინი ბრძანებით განთავისულდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. ინსტიტუტის აწ უკვე განთავისუფლებულმა თანამშრომლებმა წერილებით მივმართეთ პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, განათლების მინისტრს მაგრამ ამაოდ. თურმე საშველად მივმართავდით იმათ ვისაც ჩვენი დაღუპვა უნდოდა. ამასობაში ილიაუნის ხელმძღვანელობამ თავისი ლაქიების წრეში მოძებნა ერთგული ადამიანები და ინსტიტუტში მიიყვანა და თანაც ხმა გაავრცელა, რომ თითქოს „მას ინსტიტუტი კი არ დაუხურავს, არამედ მისმა თანამშრომლება არ ისურვეს მუშაობა“. ეს ზღვარგადასული ცინიზმია და მეტი არაფერი. ინსტიტუტი პირველ რიგში მეცნიერზე დაგას. მეცნიერის გარეშე რა ინსტიტუტზეა ლაპარაკი. მოკლედ რომ გითხრათ ასეთია ინსტიტუტის დახურვის ისტორია. აღსანიშნავია აგრეთვე ერთი გარემოება. კერძოდ, ტრადიციულად ფილოსოფიის ინსტიტუტი თავისუფალი აზრის ოაზისად იყო მიჩნეული ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროს. აქ თქვენ ვერ ნახავდით ხელისუფლების მეხოტბე ადამიანებს ე. წ. „კარის ფილოსოფოსებს“. „კარის ფილოსოფოსები“ სწორედ ის ადმიანები არაიან ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს. ბუნებრივია, სააკაშვილის რეჟიმს ამგვარი რამ არ აწყობდა. ამიტომაც მიმართეს რეპრესიებს ჩვენს წინააღმდეგ.
რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა ამ ინსტიტუტის არსებობას?
ამ ინსტიტუტის არსებობა ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა სწორედ, რომ უმნიშვნელოვანესია. ჩვენ მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და სპორტის გარდა სხვა რა რესურსებით უნდა წარვსდგეთ კაცობრიობის წინაშე. მოგეხესენებათ, მეცნიერებათა მეცნიერება კი ფილოსოფიაა. დიდი გერმანელი ფილოსოფოსი ჰეგელი ამბობდა: „უბედურია ერი, რომელსაც საკუთარი ფილოსოფიური აზროვნება არ გააჩნიაო“. საბედნიეროდ, ქართული ფილოსოფიის არსებობა მსოფლიოში აღიარებული ფაქტია. ეს ჩვენი ერის ინტელექტუალური საგანძურია და მისი ხელყოფა ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. ერის ინტელექტუალური განვითარება ფილოსოფიური აზროვნების ქონა არ ქონით იზომება. მსოფლიოში მრავალი ერი არსებობს, რომელსაც მსგავსი რამ არც კი მოლანდებია. ჩვენს ასეთი რამ გვაქვს და ვანადგურებთ. წლების განმავლობაში ამ ინსტიტუტის კედლებში მოღვაწეობდნენ ცნობილი მეცნიერები: შალვა ნუცუბიძე, სავლე წერეთელი, სერგი დანელია, კოტე ბაქრაძე, ანგია ბოჭორიშვილი, ზურაბ კაკაბაძე, ნიკო ჭავჭავაძე და მრავალი სხვა, მათ მიერ რუდუნებით ნაშენები სამეცნიერო დაწესებულება დღეს იავარქმნილია. იგივე მდგომარეობაა ფსიქოლოგიის ინსტიტუტშიც. განწყობის ფსქიოლოგიის შემქმნელის დიმიტრი უზნაძის, შოთა ნადირაშვილისა და არაერთი ცნობილი ფსიქოლოგის მიერ ნალოლიავები 100 წელს მიღწეული სამეცნირო-კვლევითი ინსტიტუტი ხელყოფილია. ამ დანაშაულის ჩამდენმა ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ! აბა, თქვენც იფიქრეთ გვჭირდება თუ არა ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ინსტიტუტები? რომელი ნორმალური ადამიანი იტყვის ამაზე უარს, მითხარით ერთი.
მეცნიერებათა აკადემიის შესახებ კანონში ნათქვამია, რომ იგი არის მთავრობის მეცნიერული მრჩეველი. დღეს რა ხდება ამ მხრივ?
მეცნიერებათა აკადემია მართლაც არის მთავრობის მრჩეველი, მაგრამ მითხარით ერთი რომელიმე მთავრობაა, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის რჩევებს იღებს და ითვალისწინებს. ეს ფორმალურად არის ასე და ამიტომ არის საქმე ძალიან ცუდად.
რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში მეცნიერებს განვითარების თვალსაზრისით?
გეტყვით პირდაპირ და ფაქტებით. დღეს საქართველოში მეცნიერების განვითარების თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ნაციონალების მიერ შექმნილი ძველი სისტემა მოქმედებს თავისი ძველი კადრებით. მეცნიერების სფეროდან უსამართლოდ გაძევებული ადამიანები ე. წ. „ჩარეცხილები“ ისევ უსამართლო მდომარეობაში არიან. მოგიყვანთ ერთ ფაქტს. მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით ნაცებმა ეროვნული სამეცნიერო ფონდი, კერძოდ ჰუმანიტარული განხრით „რუსთაველის ფონდი“ შექმნეს (ხელმძღვანელი ქალბატონი თინათინ ბოჭორიშვილი). იდეაში ფონდს სახელმწიფო სახსრებით ფუნდამენტური კვლევები უნდა დაეფინანსებინა. სინამდვილეში კი ფონდის მესვეური ქალბატონი თავისი დაქალებისა და მასთან და ნაცებთან დაახლოებული „რეფორმატორი“ მეცნიერების კლანის წარმომადგენელთა მიერ შემოტანილ პროექტებს აფინანსებდა. ამგვარი მანკიერი ვითარება წლებია რაც გრძელდება. ამ ფონის საქმიანობაში ხელისუფლების შეცვლის შემდგეაც არაფერი შეცვლილა. ისევ ის კადრები მუშაობენ, რაც იყო სააკაშვილის დროს. ამ ფონდის საქმიანობის შესახებ ბევრი შემიძლია ვისაუბრო. მას არა და არ დაადგა საშველი. ოცნებად რჩება ის, თუ როდის გამოცდიან ამ სამეცნიერო ფონდის თანამშრომლები იმ უსამართლობას რასაც წლებია ჩადიან? მეცნიერების განვითრებას ფინანსები სჭირდება, რასაც ეს ფონდი განაგებს, მაგრამ განაგებს ისე როგორც ეს მას უნდა. ამიტომ საქმე არ მიდის წინ.
რამდენად ჰქონდათ უფლება გაეუქმებინათ ფილოსოფიის ინსტიტუტი? არის თუ არა ეს უსამართლო საქციელი?
ინსტიტუტის გაუქმების და იქიდან თანამშრომელთა გაყრის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. არც სამართლებრივი და არც მორალური. რამდენად ზნეობრივია, როდესაც 6 შვილის დედას, რომელიც ამ ინსტიტუტის მეტი არასდ არ მუშაობს ქუჩაში ბედის ანაბარა აგდებ და მერე ხალხის კეთილდღეობაზე და დემოკრატიაზე ლაპარაკობ. ეს მარაზმია! ამას ფაშისტების მეტი ვინ გააკეთებდა. რაც შეეხება იურიდიულ საფუძველს, აბა განსაჯეთ, რას ნიშნავს უხელფასოდ მუშაობა, რასაც თევზაძე გვთავაზობდა, ოცდამეერთე საუკუნეა. ხომ არ ბნელა. ეს არის რეპრესიები, რომელიც განახროციელეს საკაშვილის ერთგულმა კადრებმა.
რას აკეთებენ ფილოსოფოსები იმისათვის რომ ინსტიტუტი აღადგინონ? ხომ არ გაჩნდა მათში უიმედობის გრძნობა?
მოგეხსენებათ სააკაშვილის სასამართლოში წასვლას აზრი არ ჰქონდა. ამჟამად სარჩელი შეგვაქვს ილიაუნის წინააღმდეგ და ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
რამდენად არის ჩვენი ხელისუფლება ამ საკითხით დაინტერესებული და არიან თუ არა საერთოდ ინფორმირებულები?
ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი რომელსაც ამ საკითხის გადაწყვეტა ეხება საკმაოდ ინფორმირებულია, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით საკითხი ადგილიდან არ იძვრის. მოდით დღევანდელი ჩვენი ინტერვიუ დავასრულოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწნიმდესისა და უნეტარესის ილია მეორის სიტყვებით, რომელიც ფილოსფიის ინსტიტუტის გარშემო შექმნილ მდგომარეობას ეხმიანება: „მინდა, რომ ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ფსიქოლოგიას და ფილოსოფიას. ბოლო დროს, დაიხურა ფსიქოლოგიის და ფილოსოფიის ინსტიტუტი. მე ვთხოვ ხელისუფლებას, პრეზიდენტს, რომ მიაქციოს ამას ყურადღება, ადამიანს სჭირდება ფსიქოლოგიური, ანალიტიკური აზროვნება. როცა რაღაცას აკეთებს ადამიანი, უნდა გააანალიზოს ის დადებითია თუ არა, განხორციელდება თუ არა. ამიტომ ანალიტიკური აზროვნება აუცილებელია”. ამის შესახებ 30 წელია ვლაპარაკობთ და მაინცდამაინც ვერ გავიგეთ, რომ ეს აუცლიებელია. ფსიქოლოგია, ლოგიკა, ფილოსოფია, როგორც საგანი, ისევე, როგორც მათემატიკა, ქართული ენა, ისე უნდა ისწავლებოდეს პირველიდან მეთორმეტე კლასამდე. ასე მივიღებთ ახალგაზრდობას, რომელიც არ დაუშვებს შეცდომას და უნარი ექნება ფილოსოფიური, ანალიტიკური და განყენებული აზროვნებისა. ამიტომ ჩვენმა განათლების სამინისტრომ, ოჯახებმა, სამღვდელოებამ, პატრიარქმა, პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ საკითხებს. ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ახალგაზრდობა, და არა მხოლოდ მუშა ხელი. ისეთი ახალგაზრდობა, რომელიც დაადგება ჭეშმარიტ გზას“.
11.06.14
თამარ გვირჯიშვილი