საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლუგანსკში, უკრაინის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის IL76 ჩამოგდების შედეგად 49 სამხედო მოსამსახურის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის, ექსტრემიზმის, სეპარატიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, მთლიანად უკრაინელ ხალხს და უკრაინის მთავრობას”, -ნათქვამია უწყების განცხადებაში.
15 ივნისს უკრაინაში გლოვის დღეა გამოცხადებული. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედროების დაღუპვის გამო მიიღო. მან დაღუპულთა ოჯახების მიმართ მწუხარება გამოთქვა.
ლუგანსკში, ტერორისტების მიერ თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად, ბორტზე მყოფი 49-ვე ადამიანი დაიღუპა. ტერორისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი Ил-76 გუშინ ჩამოაგდეს. ბორტზე ეკიპაჟის 9 წევრი და დნეპროპეტროვსკის საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 40 სამხედრო იმყოფებოდა.
15.06.14