დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი ჩინეთის ელჩს საქართველოში, უი ბინს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ამ პროექტებში ჩინური სამშენებლო კომპანიების ჩართულობის მაჩვენებლებზე, მათ მიერ უკვე შესრულებული სამუშაოების ხარვეზებსა და მისი გამოსწორების გზებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა სამშენებლო კომპანიებთან დადებული კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაოების ხარისხიანად შესრულებას და მისი გრძელვადიანი კონტროლის მნიშვნელობას, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. ელგუჯა ხოკრიშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ ჩინურ სამშენებლო კომპანია „სინოჰიდროსთან“ თანამშრომლობით კმაყოფილია და ისინი თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის I და III ლოტის მშენებლობას წინასწარ შეთანხმებული ვადების ფარგლებში აწარმოებენ. ჩინეთის ელჩმა საქართველოში, იუ ბინმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ჩინური მხარე ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობისთვის ყველაფერს გააკეთებს. 18.06.14