ველოდებით, რომ არჩევნებისას აღმოჩენილი ანომალიები თუ ხარვეზები იქნება შესწავლილი, გათვალისწინებული და აღმოფხვრილი მეორე ტურის ჩატარების წინ , – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არჩევნები საერთო ჯამში სანდო და კარგად ადმინისტრირებული იყო.
“ამერიკის საელჩომ ჰოლანდიელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად გააკეთა ერთობლივი განცხადება, ვინაიდან ჩვენ გვქონდა საშუალება ერთობლივი ჯგუფების მეშვეობით დავკვირვებოდით მიმდინარე არჩევნებს. ჯგუფებს ჰქონდათ საშუალება 600-ზე მეტ უბანს სტუმრებოდნენ და ეწარმოებინათ დაკვირვება. არჩევნები შევაფასეთ როგორც სანდო, კარგად ადმინისტრირებული და ისეთი, როგორიც ასახავდა ამომრჩევლის ნებას. ასევე ნიშანდობლივია ისიც, რომ არჩევნების შედეგად წარმომადგენლობის ხარისხი იქნება უფრო პლურალისტური. ივლისში ჩატარდება მეორე ტური იქ, სადაც საჭიროა. ველოდებით, რომ აღმოჩენილი ანომალიები თუ ხარვეზები იქნება შესწავლილი, გათვალისწინებული და აღმოფხვრილი არჩევნების მეორე ტურის ჩატარების წინ. ველოდებით, რომ მეორე ტური იქნება ისეთივე კარგი, როგორიც იყო პირველი” , – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
18.06.14