სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო თბილისსა და მარნეულში ხორცის სარეალიზაციო ობიექტები და პურის ქარხანა დახურა.
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი/მ “ასიფ ფარზალიევის” ხორცის სარეალიზაციო ობიექტში გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა წყლის ხარისხის დამადასტურებელი გამოცდის ოქმი და ხორცის მიკრობიოლოგიური კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი. გარდა ამისა, აღმოჩნდა სხვა სახის შეუსაბამობებიც – ობიექტს არ გააჩნდა ცენტრალური წყალმომარაგება, დახლ-მაცივარი, რის გამოც დარღვეული იყო ხორცის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი. აღნიშნული დარღვევების გამო ი/მ “ასიფ ფარზალიევს” საწარმოო პროცესი შეუჩერდა და 1000 ლარით დაჯარიმდა.
ინსპექტირება უნდა ჩატარებულიყო ასევე იქვე მდებარე ი/მ “იუზიფ დარგალის” ხორცის სარეალიზაციო ობიექტში, თუმცა, მეწარმემ სააგენტოს წარმომადგენლებს ამის საშუალება არ მისცა, რის გამოც პატრულის გამოძახება გახდა საჭირო. ბიზნესოპერატორი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში ხელის შეშლის გამო “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” 70-ე მუხლის თანახმად, 400 ლარით დაჯარიმდა.
სანიტარიული ნორმების დარღვევითა და ფორმა #2-ის გარეშე აწარმოებდა ხორცის რეალიზაციას თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ი/მ “გიორგი აზნაურაშვილის” ობიექტი, რის გამოც ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დაჯარიმდა, საეჭვო წარმომავლობის ხორცი კი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდება.
კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თემქაზე მდებარე შპს “დევის პურის” პურის ქარხანას, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა ჰიგიენურ მოთხოვნებს, არასათანადო პირობებში ინახებოდა და დაბინძურებული იყო პური, საცხობი ფორმები, შესაფუთი მასალა, ეტიკეტები და პურის სარეალიზაციო ყუთები. აღნიშნული დარღვევების გამო შპს “დევის პური” 1000 ლარით დაჯარიმდა და პურის ქარხანას პურის წარმოება-რეალიზაციის უფლება შეუჩერდა.
19.06.14