დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ლატვიის თავდაცვის მინისტრთან რაიმონდს ვეიონისთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მოახლოებული ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობასა და ნატოს უელსის სამიტისათვის მზადებაზე და ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროგრესი, რომელსაც საქართველო განუხრელად აჩვენებს, სათანადოდ უნდა აისახოს სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებში. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციის შემდგომ მცდელობებზე და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ადექვატური რეაგირების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
ალექსი პეტრიაშვილმა მადლობა გადაუხადა ლატვიის მხარეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში მხარდაჭერისათვის, ასევე, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის.
„შედგა ძალიან საინტერესო, სასარგებლო შეხვედრა ლატვიის თავდაცვის მინისტრთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვან პერიოდში ჩამოდიან მაღალი დონის ოფიციალური პირები ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებიდან. დღეს ლატვიელ კოლეგასთან განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები. რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება დაეთმო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს. ლატვია კატეგორიულად და პრინციპულად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას, ასევე, მხარს უჭერს უელსის ნატოს სამიტზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის დაფიქსირებას.“ -განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
25.06.14