თბილისი მეექვსე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. როგორც “თბილისი თაიმსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, “საქართველოს ბანკის” სათავო ოფისში , ხვალ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია და პრესკონფერენცია გაიმართება.
ორგანიზატორთა განცხადებით, ფესტივალი 20 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. თბილისის სხვადასხვა თეატრებში: ტაივანიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, მაროკოდან, ფინეთიდან ფესტივალისთვის ჩამოსული კოლექტივები საინტერესო სპექტაკლებსა და მსოფლიო შედევრებს წარმოადგენენ.
ტრადიციულად ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ქართული სპექტაკლების პროგრამა წარმოადგენს. 2014 წლიდან ქართული სპექტაკლების პროგრამას დაემატა კვაკასიისა და შავი ზღვის ქვეყნები GEORGIAN SHOWCASE + NEW MARKET.
ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქართული სპექტაკლების პროგრამა გასული წლის სეზონის (2013-2014) შეჯამებაა.
“წელს ქართულ შჰოწცას-ზე წამოდგენილია საქართველოს სახელმწიფო, დამოუკიდებელი თეატრების და კომპანიების 40 სპექტაკლი. ვინაიდან პროგრამა ტარდება საერთაშორისო კრიტიკოსთა ასოციაციის ქართული ჯგუფის თანამშრომლობით, მათ მიერ 11 სპექტაკლია რეკომენდირებული. კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნებიდან _ თურქეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან სპექტაკლები იქნება წამოდგენილი”, _ აცხადებენ ორგანიზატორები.
მათივე ინფორმაციით, ფესტივალს თან ახლავს სემინარები, ვორქშოფები და შეხვედრები.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. ხუთი წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა უმასპინძლა 77 კომპანიას შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, რუსეთი, გერმანია, ისრაელი, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, შვედეთი, ირანი, კორეა, ლიტვა, ჩინეთი, ავსტრია, საფრანგეთი.
მსოფლიო თეატრის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლებს – ჯორჯო სტრელერს, ეიმუნტას ნეკროშიუსს, რობერტ ლეპაჟს, ფილიპ ჟანტის, ბეჰრუზ გარიბპურის, მაია კლეჩევსკას, ოსკარას კორშუნოვასს, სილვიუ პურკარეტეს და მათ კომპანიებს თბილისის სხვადასხვა თეატრებმა უმასპინძლა. საერთაშორისო პროგრამა 120 სპექტაკლისგან, ხოლო ქართული სპექტაკლების პროგრამა 170 სპექტაკლისგან შედგებოდა. ფესტივალში მონაწილე თეატრების მაყურებელთა რაოდენობა 40 000 შეადგინა.
01.07.14