“საქართველოს ბანკმა” დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამის VEGA Startup Lab (VEGA) დაწყების შესახებ განაცხადა. როგორც “თბილისი თაიმსს” ბანკიდან აცნობეს, VEGA საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის, საჭირო განათლებისა და საწყისი კაპიტალის მიღებას უზრუნველყოფს.
“საქართველოს ბანკის” გადაწყვეტილება, დაარსოს დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამა, განპირობებულია ბანკის სურვილით დაეხმაროს დამწყებ ბიზნესს, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და სიჯანსაღეს, შესაბამისად, ქვეყნის სამომავლო განვითარებას.
VEGA-ს დახმარებით ბიზნესის დაწყება სამი ეტაპისგან შედგება. პირველი სამი თვის განმავლობაში, იდეების ავტორები ინტენსიურ საგანმანათლებლო კურსებს გადიან, რომელიც საგანგებოდაა მორგებული დამწყები ბიზნესის მართვის საჭიროებებზე და უზრუნვეყოფილი იქნება “საქართველოს ბანკის” უნივერსიტეტის ბაზაზე. საგანმანათლებლო ეტაპის შემდეგ, დაიწყება იდეის დახვეწის პერიოდი და კომერციულად გამართლებული ბიზნესგეგმის მომზადება. მოსამზადებელი პერიოდის ბოლოს, მონაწილეები საგანგებოდ შეკრებილი კომისიის წინაშე დეტალურ ბიზნესგეგმას წარმოადგენენ და პროექტები შეირჩევა, რომლებიც VEGA–სგან საწყის კაპიტალს მიიღებენ.
პროექტები, რომლებიც საწყის კაპიტალს მიიღებენ, VEGA–ს ოფისში იმუშავებენ, სადაც შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ პროგრამის სხვა მონაწილეებს, საკუთარი იდეების შემდგომი განვითარების მიზნით და მოემზადებიან შემდეგი ეტაპისთვის – ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისგან დამატებით კაპიტალის მოსაძიებლად. ჯამში, სამივე ეტაპი 15 თვემდე გაგრძელდება.
როგორც საგანმანათლებლო, ისე ბიზნესგეგმის მომზადების ეტაპზე, პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული “საქართველოს ბანკის” მმართველი გუნდის წევრები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას მონაწილეების მიერ იდეების დამუშავებასა და განვითარებას მოახმარენ. დამატებითი კაპიტალის მოძიების ეტაპზე, VEGA უზრუნველყოფს ცნობილი უცხოელი ინვესტორების მოწვევას კაპიტალის მოზიდვის მიზნით.
VEGA ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის დაწყება, სჯერა საკუთარი თავის და შეუძლია ძირითადი დრო VEGA-ში სწავლასა და იდეის განვითრებას მოახმაროს. VEGA–ში მოსახვედრად, იდეის ავტორმა უნდა ატვირთოს საკუთარი იდეა ვებგვერდზე www.vegalab.ge ნებისმიერი ფორმით. ყველაზე საინტერესო იდეების ავტორები მოწვეული იქნებიან მათი ჩანაფიქრის წარსადგენად კომისიის წინაშე, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას აპლიკანტის VEGA–ში მონაწილეობაზე. სულ განიხილება 50-მდე მონაწილის მიღება.
VEGA უზრუნველყოფს ყველა იდეის კონფიდენციალურობას. ამასთან, იდეების დაცულობას განაპირობებს ის ფაქტორიც, რომ თითოეული ჩანაფიქრი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იდეის ავტორის მონაცემებზე, მის უნიკალურ ცოდნასა და უნარებზე, ანუ იმ ატრიბუტებზე, რომლის კოპირებაც ფაქტიურად შეუძლებელია.
01.07.14