მთავრობამ ეს ტაკიმასხარაობა პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გაცოცხლებისა და მერად გახდომისთვის წამოიწყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე გიგი უგულავამ განუცხადა. მისი თქმით, აუცილებლად იბრძოლებს ამ ტაკიმასხარაობის წინააღმდეგ.
“მთავრობამ ეს ტაკიმასხარაობა ერთადერთი რამის გამო წამოიწყო, ეს არის პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გაცოცხლების და მერად გახდომის პროგრამის ნაწილი”, – აღნიშნა უგულავამ.
მისივე თქმით, არ მიანიჭებს ამ ხელისუფლებას სიამოვნებას, რომ ქვეყანა დატოვოს და აღარ დაბრუნდეს.
“1 ოქოტომბრის შემდეგ დაახლოებით 19-ჯერ მაქვს საზღვარი გადაკვეთილი, ამჟამად მივდიოდი ევროსაბჭოში, სადაც საარჩევნო დარღვევებზე დოკუმენტების დასტა ჩამქონდა. ოთხი ბრალი მაქვს წაყენებული, თავს შეურაცხყოფილად არ ვთლიდი არასდროს, თუმცა შოთაძის გამოსვლის შემდეგ თავის შეურაცხყოფილად ვიგრძენი. ამ ერთუჯრედიან არსებას თუ ჰგონია, რომ ვინმეს ხელისუფლებაში, ივანიშვილი იქნება თუ ღარიბაშვილი, მივანიჭებ იმ ბედნიერებას, რომ წავიდე და აღარ დავბრუნდე, ძალიან ცდება. შეგნებული არჩევანი გავაკეთე, აქ ვარ, მტკიცედ ვდგავარ და ვაპირებ მათ დამარცხებას. რაღაც შიზოიდურ, მანიაკუალურ სისულეებს კი თავი დაანებონ”, – განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ნარმანიას მისცემენ საშუალებას, თავისუფალ და კონურენტულ საარჩევნო ორთაბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა.
“მე ამ ფაქტთან დაკავშირებით ბოლომდე ვიბრძოლებ, სადაც არ უნდა ვიყო, ციხეში ვიქნები თუ, გარეთ. ეს არის სახადი, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა მოიხადოს და ამ სახადს ჰქვია ივანიშვილი”, – აღნიშნა უგულავამ.
თბილისის საქალაქოს სასამართლო “სითი პარკის” საკითხზე გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პორკურატურა 50 ათას ლარ გიროას, აგრეთვე, უგულავასთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას ითხოვს.
გიგი უგულავას ახალი ბრალი “სითი პარკსა” და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარედგინა. გამოძიების ინფორმაციით, თბილისის მერმა ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით, კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე, შპს “სი-თი პარკისთვის” დამატებითი შეღავათების დაწესებით, კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი თანხა – 1 086 718 ლარის ოდენობით.
02.07.14