საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისის ასოცირებულ დირექტორთან,  უილიამ რემინგტონთან.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის ტექნიკური მხარდაჭერის ოფისის პრეზიდენტის მრჩეველი ანა გრინი. განიხილეს ამერიკის ხაზინასა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტები და სამომავლო პარტნიორობის საკითხები.

„შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, აშშ-ს ხაზინა ეხმარება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს რამდენიმე მნიშნელოვანი მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ ის წარმატებები, რომელსაც მივაღწიეთ, დიდწილად სწორედ ამერიკელი მეგობრების დახმარების დამსახურებაა. შევთანხმდით, რომ ამერიკული მხარე კვლავაც გააგრძელებს ამ პროექტებს საქართველოში. საუბარია,  შემოსავლების სამსახურისთვის როგორც ტექნიკური ისე ინფრასტრუქტურულ პროექტების გაგრძელებაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველ კოლეგებთან ერთად მუშაობენ ექსპერტები, რომლებსაც გამოცდილება მიღებული აქვთ არა მხოლოდ   აშშ-ში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში,“ –   განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს და მის კოლეგებს შემოსავლების სამსახურიდან, შეხვედრისთვის  ამერიკულ დელეგაციასთან, რომელიც ხელს უწყობს ფინანსთა სამინისტროსა და მის სტრუქტურებს გააუმჯობესოს საგადასახადო სისტემა. საქართველო განაგრძობს ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას, მაგრამ ამ პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქმედითი შემოსავლების სამსახურის საქმიანობა. მოხარულები ვართ, რომ დღეს ჩვენთან ერთად არიან ექსპერტები აშშ-ს ხაზინიდან. ისინი ეხმარებიან საქართველოს, უზიარებენ თავის ცოდნას საგადასახადო სფეროში, რითაც ხელს უწყობენ ეს სფერო საქართველოში გახდეს უფრო სრულყოფილი,“ – განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში  რიჩარდ ნორლანდმა.

26.04.13

Please follow and like us: