დღეიდან ქართულ ეროვნულ ვალუტას, ლარს თავისი სიმბოლო აქვს. როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა , სიმბოლოს ავტორია მხატვარი მალხაზ შველიძე.
ლარის სიბოლოს შექმნასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა კონკურსი 2013 წლის დეკემბერში გამოაცხადა. შეიქმნა დროებითი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ეროვნული ბანკის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, კულტურისა და განათლების სამინსიტროებისა და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ლარის სიმბოლო ეფუძნება “ლას”-ის გრაფიკულ მოხაზულობას. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, სხვადასხვა სიმბოლოს შემთხვევაში ვალუტის დასახელების პირველი სიმბოლო გადახაზულია ერთი ან ორი პარალელური ხაზით. აღსანიშნავია, სხვადასხვა ვალუტების სიმბოლოების შემთხვევბში, პარალელური ხაზების დამატება ემსახურება მხოლოდ ასო-ნიშნის სიმბოლოდ გარდასახვას, ლარის აღმნიშვნელ სიმბოლოში კი, ქართული ლარის ვერტიკალური ორი ხაზი ასოს ორგანული ნაწილია. ასევე სიმბოლოს ატრიბუტს წარმოადგენს ლასი-ს ე.წ. ფეხი, რომელიც ჰორიზონლაური ხაზით არის წარმოდგენილი და ზედა დინამიკურ რკალს მონუმენტალურ სტატიკას სძენს. დიზაინში ასო-ნიშნის მოხაზულობა გარკვეულწილად სილუეტითა და სიმბოლური დატვირთვით განზრახ ტრანსფორმირებულია, რაც გაადვილებს მისი როგორც ვალუტის აღმნიშვნელ სიმბოლოდ აღქმას და მის დამკვიდრებას.
გიორგი ქადაგიძის თქმით, ქართული ლარის სიმბოლოს შემოღება ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე სიმბოლოს პოპულარობა გაზრდის ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში და შესაბამისად დადებითად აისახება ქართული ფულის იმიჯზე.
“ლარის სიმბოლოს გამოყენება უფრო პრაქტიკულს გახდის ქართული ფულის რიცხვითი მნიშვნელობის მითითების პროცესს როგორც ქაღალდზე წერისას, ასევე კომპიუტერზე, სხვადასხვა შრიფტების გამოყენების ბეჭდვისას. ამგვარი სიმბოლოს შემოღებით ამაღლდება ეროვნული ვალუტის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა. ხოლო რაც შეეხება სხვადასხვა საერთაშორისო ელექტრონულ სისტემაში თავსებადობის საკითხს, კერძოდ კი უნიკოდის სიმბოლოთა სტანდარტში რეგისტრაციას, აღნიშნულთან დაკავშირები კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნულ ბანკს დახმარება უკვე აღუთქვეს და ლარის სიმბოლოს რეგისტრაციის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება”, – განაცხადა ქადაგიძემ.
როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, კომისიამ გამარჯვებული სიმბოლოს გამოვლენისას პრიორიტეტი ქართული მხედრული დამწერლობიდან ერთთაღიანი ლასისთვის ორი ვერტიკალური ხაზის არასრულად ჩამოსმის კონცეფციის წარმოდგენის ნიმუშებს მიანიჭა.
ასევე, როგორც ბანკში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გამარჯვებული ნიმუშის გამოვლენამდე ლარის სიმბოლოს შესარჩევმა დროებითმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, შერჩევის პროცესში აქტიურად ჩართულიყო დაინტერესებული საზოგადოება. ინტერნეტგამოკითხვას, რომელიც სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა და მნიშვნელოვნად დაეხმარა ლარის სიმბოლოს შესარჩევ კომისიას გამარჯვებული ნიმუშის გამოვლენაში. კონკურსში გამარჯვებულს 2 ათასი ლარი გადაეცა.
08.07.14