საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმში, “საქართველოს ევროპული გზის” მე-11 საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.
როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, დღევანდელი კონფერენცია პირველად ტარდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.
მისი თქმით, ეს ისტორიული მომენტია, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვისაც, რადგან ჩვენ გადავდივართ ურთიერთობების უაღრესად მნიშვნელოვან და თვისებრივად ახალ საფეხურზე.
“მოხარული ვარ, რომ ჩვენს კონფერენციას ესწრებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩვენთვის მეტად საპატიოა, რომ სულ უფრო იზრდება ჩვენი ქვეყნის მიმართ დასავლელი პარტნიორების ყურადღება და ამას მოწმობს საქართველოში მაღალი რანგის ვიზიტების სიმრავლე. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გაფორმება ახალ შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. თავად ეს მოვლენა არის არა დასასრული, არამედ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, საქართველო გადავიდა ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე – ევროინტეგრაციამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკიდან საშინაო პოლიტიკაში გადაინაცვლა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ევროპა, ევროპული კურსი – ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი.
“საქართველოს ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დააჩქაროს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები. რეფორმები ითვალისწინებს ევროკავშირთან პოლიტიკურ დაახლოებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც შეუქცევადს გახდის საქართველოს ევროპეიზაციის პროცესს”, – აღნიშნა პრემიერმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, უკვე გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ხელშესაწყობად. მისივე განმარტებით, ეს მოიცავს შესაბამისი სამთავრობო უწყებების კოორდინირების მექანიზმების გაძლიერებას და მათი შესაძლებლობების გაზრდას.
“მე გახლავართ ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე და პირადად ვუწევ ზედამხედველობას ყველა შესაბამის აქტივობას.
როგორც მთავრობის მეთაური, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ევროინტეგრაციის პრიორიტეტები სრულ თანხვედრაშია საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ რეფორმებთან და მის ხედვასთან ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, რაც ასახულია კიდეც მთავრობის სტრატეგიაში “საქართველო 2020”.
ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა კონცენტრირებულია თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაზე. იგი ემყარება ისეთ მთავარ პრინციპებს, როგორიცაა ეკონომიკური თავისუფლება, კერძო საკუთრების დაცვა და პატივისცემა და მიზნად ისახავს სოციალური დაცვისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფას.
“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალ-ღონეს არ დაიშურებს ყველა იმ რეფორმის გასატარებლად, რომლებიც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან. ყოველივე ამას ჩვენ განვიხილავთ როგორც ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაციის პროცესს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
11.07.14