საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მიიღო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ახალი ზელანდიის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მურეი მაკკალის ხელმძღვანელობით. ეს არის ახალი ზელანდიიდან პირველი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში.
შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები სავაჭრო-ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, სპორტის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში.
“ახალი ზელანდია, როგორც წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყანა, სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებიც წყნარი ოკეანის ალიანსს ქმნიან, დაინტერესებულია თქვენს რეგიონთან თანამშრომლობის განვითარებით.
ეს-ესაა ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც დამატებით იმპულსს შესძენს ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობის სექტორზე მინდა გავამახვილო, ეს ის სფეროა, რომელიც ათვისებას საჭიროებს და სრულიად ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს. სხვათა შორის, კონკურენცია რაგბის სფეროშიც არსებობს, ალბათ გახსოვთ, რომ 2015 წელს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო სწორედ ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება,”- განაცხადა პრესკონფერენციაზე, ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკკეი მიურემ.
მან ასევე ხაზი გაუსვა ახალი ზელანდიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ახალი ზელანდიის ურყევ მხარდაჭერას.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
ვიზიტის ფარგლებში, 14 ივლისს დაგეგმილია მინისტრ მურეი მაკკალის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან.
ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი კულტურული პროგრამის ფარგლებში ეწვევა შევარდენის ეროვნულ რაგბის ბაზას, სადაც მას უმასპინძლებს საქართველოს რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელი.
14.0.14