თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ალიბეგაშვილი დაამტკიცეს. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ალიბეგაშვილის კანდიდატურა „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. 37 მომხრე და 8 წინააღმდეგი- საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ამ შედეგით დაამტკიცეს. გიორგი ალიბეგაშვილი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მესამე ნომერი იყო. „მე ვეცდები ჩემს გუნდთან ერთად მოვახდინო საზოგადოების, ამ შემთხვევაში ჩვენი საკრებულოს წევრების კონსოლიდაცია. რათა ჩვენი დედაქალაქი რაც შეიძლება უფრო წინ წავწიოთ. საქმე უამრავია გასაკეთებლი, არის უამრავი გამოწვევა, არის ახლებური ხედვის რამდენიმე პროექტი ჩვენი ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ეს „ქართული ოცნების“ გუნდთან და სხვა დეპუტატებთან ერთად მაქსიმალური სიზუსტით და მაქსიმალური კეთილგანწყობით უნდა განვახორციელოთ“,-განაცხადა საკრებულოს სხდომაზე გიორგი ალიბეგაშვილმა. გიორგი ალიბეგაშვილი 1959 წლის 26 მაისს დაიბადა. 1976 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1982 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამომცემლობის უმცროს რედაქტორად, სამეცნიერო-კვლევითი ნაწილის სპეციალისტად, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ლაბორანტად, ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ქრისტიანული კულტურისა და სიტყვიერების ისტორიის კათედრის დოცენტად და შემდგომ პროფესორად (წოდება მიენიჭა 2001 წელს). 1991-1992 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სასწავლო დარგის პრორექტორი, ხოლო 1994-1995 წლებში – თბილისის მერიის განათლების სამმართველოს უფროსი. 1997 წლიდან 2005 წლამდე იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2004-2005 წლებში ამავე ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 2005 წლიდან 2006 წლამდე ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ფილოლოგიის მიმართულებით. იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 1983 წლიდან 2009 წლამდე თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლაში. 2009 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს ისტორიულ დარბაზში გაიმართა. სხდომა უკვე დასრულებულია. ახალ საკრებულოში კოალიცია “ქართულ ოცნებას” პროპორციული სიით 13, ხოლო მაჟორიტარული სიით 24 წევრი ჰყავს, “ნაციონალური მოძრაობას” – 7, ნინო ბურჯანაძის პარტიას სამი და “დავით თარხან მოურავი -პატრიოტთა ალიანსს” 2 წევრი.საკრებულოს ერთი წევრი, ალეკო ელისაშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია. 14.07.14