სახალხო დამცველის აპარატში უჩა ნანუაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ახალქალაქში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც ნანუაშვილი აცხადებს, წინასწარი დაკავების იზოლატორში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს არ მისცეს უფლება, პატიმარი მოენახულებინა. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს პოლიციის თანამშრომლებმა შენობის დატოვება მოსთხოვეს.
“11 ივლისს, 22:25 წუთზე, სახალხო დამცველის რწმუნებული არმენ მარანგოზიანი იმყოფებოდა ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა მას შეუქმნეს დაბრკოლებები.
საქმე ეხება იმავე დღეს ერთ-ერთი მოქალაქის მხრიდან სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიმართულ თხოვნას, როდესაც მას სთხოვდნენ ახალქალაქის პოლიციის იზოლატორში მოენახულებინა მოქალაქე, რომელიც მოწმის სახით იკითხებოდა.
ჩვენ დღეს გავაგზავნეთ სპეციალური წინადადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის სახელზე, სადაც მოვითხოვთ ამ კონკრეტული ფაქტის შესწავლას, ვინაიდან, კანონის თანახმად, სახალხო დამცველის რწმუნებულების და ზოგადად სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელის შეშლა, დაბრკოლების შექმნა, კანონით არის აკრძალული და იწვევს შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.” – განაცხადა ნანუაშვილმა.
15.07.14