თბილისს ახლადარჩეული მერი ჰყავს, რომელმაც დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების ორი ტური გამოიარა. არჩეულ მერზე, ცსკ-ს მუშაობაზე, აგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების მიმდინარეობაზე „თბილისი თაიმსს” ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა. ბატონო სოსო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. თბილისის მერის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა დავით ნარმანიამ გაიმარჯვა. თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ ცსკ–ს ადმინისტრაციის საქმიანობას და მეორე მხრივ არჩევნების შედეგებს? ცსკ-მ მაქსიმალური დატვირთვით იმუშავა და მისი დამსახურებაა, რომ რაიმე სერიოზულ გაუგებრობას არჩევნების დროს ადგილი არ ქონია, თუმცა ცსკ-მ საკუთარ თავს ავნო როდესაც, ერთიდაიმავე პირობებში მყოფი სამი პირიდან ერთი არ დაარეგისტრირა, როგორც კანდიდატი, ორი კი დაარეგისტრირა. ეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში იქნება ხინჯი და თავად ცსკ-ს დაკომპლექტების წესში უნდა ვეძებოთ ასეთი უპრინციპობის საფუძველი. არ ვიცი რამდენჯერ შეახსენებენ მომავალში არალეგიტიმურობას რუსთავისა და ფოთის მერებს მაგრამ ფაქტია, რომ ანალოგიური პირობების მქონე კანდიდატი გორში არ დარეგისტრირდა. სამართლებრივი საფუძველი ამ გადაწყვეტილებისა დარჩება ეჭვის საფუძვლად, სანამ საზოგადოებას არ დაავიწყდება ეს ფაქტი, სხვა მხრივ წინასაარჩევნო სამზადისი იყო შედეგიანი, ოპოზიციური პარტიებიც ძალასა და ენერგიას არ იშურებდნენ, რომ ყოფილიყვნენ ჩატარებული არჩევნების კრიტიკოსები. ისეთ გადაცდომას, რომელსაც შეეძლო შედეგზე გავლენა მოეხდინა, არ ყოფილა. როგორ ფიქრობთ რით იყო გამოწვეული ამომრჩეველთა შედარებით დაბალი აქტივობა? რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი? თუ გადავავლებთ თვალს გასულ არჩევნებს, ვიპოვით ქართველი ამომრჩევლის აქტიურობის ან პასიურობის მიზეზს. აქტიური ამომრჩეველი იყო მაშინ, როცა რაიმე საფრთხისშემცველი გარემოება არსებობდა. 2012 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა ამომრჩეველთა დიდი აქტიურობა, როდესაც დამარცხდა ნაციონალური მოძრაობა. რაც შეეხება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, პრაქტიკულად, რაიმე საფრთხისშემცველი რეალობა საზოგადოებას არ დაუნახავს და მხოლოდ 40%-იანი აქტივობა იყო. ანალოგიური დამოკიდებულება იყო ადგილობრივი არჩევნების მიმართაც, რადგან საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ”ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ამიტომ საფრთხის მომენტი არ იყო, ამას ერთოდა დიდი რაოდენობა ასარჩევი ადამიანებისა ადგილობრივ არჩევნებზე. ხელისუფლებაც და ამომრჩეველიც იყო თავდაჯერებული, ამავედროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ 40 %-მდე აქტივობა არის იშვიათობა ევროპულ სივრცეში. ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან ხშირად ისმოდა განცხადებები არჩევნების გაყალბებისა და იმის შესახებ, რომ მათ არათანაბარ პირობებში უწევდათ ბრძოლა. თქვენი აზრით, რამდენად შეესაბამება ეს ფაქტი სიმართლეს? მათი მხრიდან წამოსული კრიტიკული შენიშვნიდან რომელს გაიზიარებდით, რომელს – არა და რატომ? მე ვფიქრობ, რომ ეს არის მხოლოდ ცალმხრივი ხედვა რეალობისა და მჟღავნდება მხოლოდ ის თემა, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი. ნაცმოძრაობა, რომ ყოფილიყო კომისიის წევრებად მოწვეული რასაკვირველია მათთვის შედეგი დადგებოდა იგივე და შესაბამისად შეფასებებიც იგივე იქნებოდა. ნაციონალური მოძრაობის წევრთა კომენტარები გამოწვეულია იმ ვითარებით, რომელსაც განიცდიან ისინი ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ. საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა არჩევნების მეორე ტური, თქვენი აზრით რატომ ვერ მიიღო ვერცერთმა კანდიდატმა პირველ ტურში საკმარისი რაოდენობის ხმები? თორმეტი თვითმმართველი ქალაქის ოთხი მერი პირველივე ტურში აირჩა, თავისთავად ის, რომ 2/3 არჩეული მერებისა არის მეორე ტურის შედეგი, ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, მიმანიშნებელია დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხისა. გაბედული ნაბიჯი იყო ”ქართული ოცნების” მხრიდა, როდესაც მან გაიზიარა ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის სურვილი და ბარიერი გაზარდა 50 %-მდე, შესაბამსიად შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმზაც, რომ მეორე ტურის ”თავის ტკივილი” ”ქართული ოცნების” დემოკრატიულობის გამოვლინების შედეგიც გახლავთ და ამავე დროს პრაქტიკა მეორე ტურისა, რომელიც სრულიად უმტკივნეულოდ გავიარეთ, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია მეორე ტურის მიმართ ადეკვატური დამოკიდებულების გამომუშავება. ინტერესი მეორე ტურშიც პრაქტიკულად ისეთივე იყო, როგორც პირველში, კანდიდატების შედეგებს შორის განსხვავება იყო იმდენად დამაჯერებელი, რომ არანაირი სადავო საკითხი მეორე ტურის მიმართ არ წამოჭრილა. როგორ შეაფასებთ არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებს? თქვენი აზრით რამ განაპირობა კანდიდატებს შორის ხმების ასეთი სხვაობა მეორე ტურში? ასეთი სხვაობა, განაპირობა მეორე ტურის არსებობამ, როცა ამომრჩეველთა ხმები უნდა გაიყოს ორზე და არა იმ კანდიდატთა რაოდენობაზე, რომელიც პირველ ტურში მონაწილეობდა. საინტერესო ის გახლავთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილე პრაქტიულად ყველა ოპოზიციური ძალის მომხრე ამომრჩეველმა, ცხადია გარდა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველისა, ხმას აძლევდა ”ქართული ოცნების” კანდიდატს, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის შედეგი, რომელიც მიიღო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ეს შედეგი არ განსხვავდებოდა პირველ ტურში დაფიქსირებული შედეგისგან, ყველა სხვა პარტიისთვის მიღებული ხმა მიირო დავით ნარმანიამ, მისი ხმების პროცენტი 46-დან 72-მდე გაიზარდა, რაც არამხოლოდ მის მიმართ სიმპათიის გამოხატულებაა, არამედ ნაწილობრივ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მიუღებლობითაც არის გამოწვეული. ჩვენს ახლადარჩეულ მერს უზარმაზარი საქმიანობა ელოდება წინ და ვუსურვებ მას წარმატებას. თბილისის ახლადარჩეულმა მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის მერია სტრუქტურულ ოპტიმიზაციას დაექვემდებარება. რეგიონებშიც ნავარაუდევია საჯარო მოხელეებისათვის ატესტაციების ჩატარება. თქვენი აზრით, მმართველი პარტია ხომ არ გაიმეორებს “ნაციონალური მოძრაობის” პრაქტიკას და საჯარო სამსახურიდან დაითხოვს ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით? პოკიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მერი თბილისის მოსახლეობის ოცნებაა, ვინაიდან პოლიტიკურ კოალიციასაც ”ქართული ოცნება” ქვია, იმედი მაქვს, რომ ამ ორ ოცნებას შორის შესაძლებელი იქნება კოაბიტაციის ფორმატში არსებობა.რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეირჩეოდნენ თანამშრომლები ამა თუ იმ სამსახურში, მოდით ვეცადოთ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ორი ტერმინი, დასაქმება და მოსყიდვა, ამის გარდა დავივიწყოთ თემა პოლიტიკური პენსიის, თბილისში კი სწორედ პოლიტიკური პენსიონერები არიან დასაქმებული. ისინი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები არიან, რომლებმაც თავიანთი ვალი უკვე მოიხადეს ამ პარტიისადმი. თვითონ ის ფაქტი, რომ საფუძველი საკადრო ცვლილებებისა იქნება კანონი და არა რაიმე ინდივიდუალური შეთანხმების კრიტერიუმი არჩეული მერის მხრიდან უკვე მიგვანიშნებს იმაზე, რომ იქნება კვლავ გამჭვირვალე დემოკრატიული პროცესი, თუმცა წინასწარ შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ნაციონალური მოძრაობა ატეხავს ყიჟინას და გააგებინებს მთელს მსოფლიოს, თუ როგორ განიცდიან პოლიტიკურ დევნას მათი მხარდამჭერნი. რამდენად დიდია ალბათობა, რომ მმართველ გუნდს 2016 წლამდე შეუძლია მოსახლეობის დარწმუნება “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის ეფექტურობაში? ეს ყველაფერი დამოკიდებულია ახლადარჩეული მერის უნარზე. მისი უპირატესობა კი, არის მაღალი პასუხისმგებლობა, ველოდებით მისგან მკაცრად გაწერილ სამოქმედო გეგმას. კარგია, რომ საკრებულლოში არის პარტიათა მრავალფეროვნება, რაც მერის კარგ მუშაობას შეუწყობს ხელს. 18.07.14 ნინა პირტახია