მინისტრთა კაბინეტში ვერც ეს და ვერც სხვა ცვლილებები ვერაფერს შეცვლის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს სამთავრობო ცვლილებების კომენტირებისას განუცხადა.
“საქართველოს ეკონომიკა უკან მიდის, კრიმინალი იზრდება, გადაწყვეტილებებს არც ღარიბაშვილი და არც მინისტრები არ იღებენ. გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი და მისი მთავარი გადაწყვეტილებაა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია გაანადგუროს”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ახალი მინისტრთა კაბინეტი ორიენტირებულია არა პრობლემების მოგვარებაზე, არამედ პირად კონფლიქტებზე და პრემიერისთვის კომფორტის მოწყობაზე.
“მათი მიმართულება იქნება გაანადგურონ მთავარი ოპოზციურია ძალა, რომელიც მათ ყველაზე მეტად უშლის ხელს”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს შეეხოთ. აქედან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობას.
21.07.14