ტიმორ-ლეშტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქ. დილიში გამართულ პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის მე-10 სამიტზე (10th Summit of the Community of Portusuese-Speaking Countries (CPLP) საქართველოს თანამეგობრობის ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭა. დილის სამიტზე, ასოცირებული წევრები, საქართველოსთან ერთად გახდნენ თურქეთი, იაპონია და ნამიბია. ეკვატორული გვინეა კი ორგანიზაციის წევრად იქნა არჩეული.
თანამეგობობა, რომელიც პორტუგალიასა და მის ყოფილ კოლონიებს აერთიანებს, 1996 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავს მასში გაწევრიანებული ახლა უკვე ცხრა ქვეყანას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას და პორტუგალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას. ამჟამად, თანამეგობრობის წევრი ქვეყნებია: ანგოლა, ბრაზილია, კაბო-ვერდე, გვინეა-ბისაუ, მოზამბიკი, პორტუგალია, სან-ტომე და პრინსიპი, ტიმორ-ლეშტე (აღმოსავლეთ ტიმორი) და ეკვატორული გვინეა, ხოლო ასოცირებული დამკვირვებლების სტატუსს ფლობენ საქართველო, მავრიკია, სენეგალი თურქეთი, ნამიბია და იაპონია.
საქართველომ პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობაში ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების თაობაზე განაცხადი 2012 წელს შეიტანა. თანამეგობრობაში გაწევრიანების მიზნით, პორტუგალიაში საქართველოს საელჩო, 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებდა CPLP-ის გენერალურ სამდივნოსთან და თანამეგობრობის წევრი ქვეყნების საელჩოებთან. საქართველომ შეასრულა ასოცირებული დამკვირვებლის დებულებით გათვალისწინებული რიგი რეგულაციები. 2013 წელს, ქ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი, 2014 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა და თანამეგობრობის სამდივნოს განსახილველად წარედგინა ქვეყნის სამოქმედო გეგმა (Indicative activity plan) და პორტუგალიური ენის განვითარებისა და გავრცელებისაკენ მიმართული სამოქმედო გეგმა (Action Plan pertaining to the promotion and dissemination of the Portuguese language).
სამიტზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ჯალაღანია, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ საქართველო იზიარებს თანამეგობრობის პრინციპებსა და ღირებულებებს და მზადაა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში.
საქართველოსთვის CPLP-ში ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანება წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს პორტუგალიურენოვან სახელმწიფოებთან ორმხრივი ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა, მრავალმხრივ ფორმატში ეფექტური თანამშრომლობისა და ლუზოფონურ სამყაროსთან დაახლოვების თვალსაზრისით. ასოცირებული წევრობა გააძლიერებს პოლიტიკურ დიალოგს თანამეგობრობაში შემავალ სახელმწიფოებთან და მისცემს საქართველოს საშუალებას დაუახლოვდეს ოთხ კონტინენტზე პორტუგალიურ ენაზე მოლაპარაკე სამყაროს.
24.07.14