თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მომავალ წელს მისი უწყების ბიუჯეტის 11 %-ით გაზრდას ითხოვს. ამის შესახებ ალასანიამ განცხადება რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა და დეპუტატების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
“დაგეგმილი გვაქვს მომავალი წლის ბიუჯეტში ზრდა. გვინდა, რომ 11 %-იანი ზრდა დაფიქსირდეს”, – აღნიშნა ალასანიამ, რომლის განმარტებითაც, თავდაცვითი სისტემებისთვის საჭირო თანხმების მოძიება “ცალკე მოხდება” და ის უწყების ბიუჯეტს პირდაპირ დარტყმას არ მიაყენებს.
მინისტრმა ანტისატანკო საჰაერო თავდაცვით სისტემებთან დაკავშირებით დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა და როგორც განმარტა, ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები რაციონალურ ვადებში დასრულდება.
რაც შეეხება ახალ ბაზებს, რა საკითხზეც პარლამენტის წევრები მინისტრისგან ასევე დაინტერესდნენ, ალასანიას ინფორმაციით, რამდენიმე თვეში ხონში დასრულდება ბაზა, რომლის მშენებლობაც ბოლო 4 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. მინისტრის თქმით, ძველი, რუსული, საბჭოთა სამხედრო ბაზის აღდგენა დაიწყება ახალქალაქშიც, სადაც ჩვენი საბაზისო წვრთნები ჩატარდება.
“ასევე პრინციპული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უახლოეს პერიოდში ჩვენი ძალების განთავსების სქემასა და დისლოკაციის სტრატეგიასთან დაკავშირებითაც”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
25.07.14