საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის ბალანსი მაქსიმალურად უნდა გასწორდეს. საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გამოხატა. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით დაწყებული სამუშაო პროცესი იმაზე მეტად გამჭვირვალეა, ვიდრე უნდა იყოს. “შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომელიც მუშაობს იმ ხარვეზების გამოსწორებაზე, რაც სამწუხაროდ აღმოჩენილია კონსტიტუციაში. არის ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერი და საჭიროა მისი გამოსწორება. მაქსიმალურად უნდა გასწორდეს ბალანსი მთავრობას, პარლამენტსა და პრეიზდენტს შორის. ასე რომ, ეს არის სამუშაო, გამჭვირვალე პროცესი, იმაზე უფრო გამჭვირვალე, ვიდრე უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება საბოლოო დოკუმენტი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მთავარი კანონი – კონსტიტუცია”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა. ამავე თემაზე ირაკლი ღაბიაშვილმა თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზეც ისაუბრა. “განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელმაც ხელი შეუწყო ბალანსის აღდგენას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და გააძლიერა პარლამენტის უფლებამოსილებები. თუმცა, ბოლო დროს ნათლად გამოჩნდა, რომ კონსტიტუციის დღევანდელი მოდელი საჭიროებს გადახედვას. სწორედ ამისათვის შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც გამოასწორებს დღეს არსებულ ხარვეზებს და გამორიცხავს კონკრეტული პოლიტიკური ძალისათვის მორგებულ დებულებებს. ქვეყანას ბოლოს და ბოლოს ექნება კონსტიტუცია, რომელიც ფართო კონსენსუსის გზით იქნება მიღებული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის განმარტებით, ხელისუფლება ახორციელებს რეფორმებს სასამართლოს დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიზნითაც. “ამ რეფორმების შედეგად სასამართლო გათავისუფლდა ხელისუფლების წნეხისაგან. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ სასამართლოს საქმიანობაში ხელისუფლება აღარ ერევა. ჩვენი პოლიტიკური ნებაა, რომ სასამართლო პროცესი იყოს გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი იყოს მხარეთა თანასწორობის მაღალი ხარისხი”, – აღნიშნა პრემიერმა. 04.08.14