“საერთო სასამართლოების შესახებ” პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი სასამართლო ხელისუფლების რეალურ დამოუკიდებლობას ხელს შეუწყობს, ამის შესახებ აღნიშნულია იმ განცხადებაში  რომელსაც მოსამართლეთა ერთი  ჯგუფი ავრცელებს.

“თბილისითაიმსუი”  განცხადება უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები, მივიჩნევთ, რომ საქართველოში დღეს კვლავ აქტუალურია სასამართლო ხელისუფლების რეალური დამოუკიდებლობის დამკვიდრების პრობლემა. ამას, თავის მხრივ, საკუთრივ ქართული სახელმწიფოს სრულფასოვანი ჩამოყალიბებისათვის, პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებისათვის, სოციალური კონსენსუსის და სამართლიანობის უზრუნველყოფისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია.
ჩვენ გვსურს მივმართოთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოკლედ გამოვხატოთ ჩვენი ხედვა და დამოკიდებულება იმ საკანონმდებლო ცვლილებებისადმი, რომელმაც უნდა შექმნას სახელმწიფო ხელისუფლების ამ უმნიშვნელოვანესი შტოს დამოუკიდებლობის დამატებითი გარანტიები და მისი უზრუნველყოფის ეფექტური მექანიზმები.
ალბათ, ანბანის, წიგნის შექმნის და მისი წყალობით, ცოდნის გავრცელების შემდეგ, უფრო გამართლებული და ეფექტური არაფერი მოუგონია ადამიანის გონს, როგორიც ხელისუფლებათა გადანაწილების უნივერსალური მოდელია. ნებისმიერი უფლება და თავისუფლება, თუნდაც, კონსტიტუციური ნორმებით მომხიბვლელად ჩამოყალიბებული, ვერ შექმნის ადამიანთა დაცულობის, სტაბილურობის, სახელმწიფოს შეუქცევადი განვითარების რწმენას და შესაძლებლობებს, თუ იქნა სასამართლოს დამოუკიდებლობის, მოსამართლის მიუკერძოებლობის ხელყოფის საფრთხე.
საზოგადოების წევრთა მიერ კანონის დარღვევაც კი შედარებით ნაკლები საფრთხის მატარებელია მაშინ, როცა ამ კანონით დაცული უფლების ეფექტური აღდგენა გარანტირებულია სამართლიანი, მიუკერძებელი, მაღალი პროფესიონალიზმის და მაღალი ნდობის მქონე სასამართლოს არსებობით. სწორედ ასეთი სასამართლო განაპირობებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაკეთილშობილებას, გადაცდომების, დანაშაულის პრევენციას, ქმნის ბიზნესის, მეწარმეობის თავდაჯერებულად წარმოების შესაძლებლობას. ეს, თავის მხრივ, ამაღლებს ნდობას სახელმწიფოსადმი, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, თანმდევი სოციალური შედეგებით.
ვფიქრობთ, რომ ამ მიზნის საბოლოოდ მისაღწევად და სრულიად დამოუკიდებელი, ხელშეუვალი სასამართლო ხელისუფლების საბოლოოდ ფორმირებისათვის სასურველი და აუცილებელიც კი არის საქართველოს სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი, არაკონფრონტაციული ძალისხმევა. ეს არის მიზანი, რომელმაც უნდა გააერთიანოს დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები, რადგან ასეთია საზოგადოების დაკვეთა და ამას მოითხოვს ქვეყნის სტაბილური განვითარება.
სასამართლო ხელისუფლების რეალური ავტონომიურობა უპირველესად სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირებაში უშუალოდ მოსამართლეთა ჩართულობით, რეალური თვითმმართველობის მიღწევითაა შესაძლებელი, რისი დასტურიცაა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების წარმატებული და ჯანსაღი პრაქტიკა.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ რეალურად უნდა განხორციელდეს, უსათუოდ იმსახურებს ამ სრულიად ჯანსაღი ინიციატივებისადმი, როგორც საქართველოს მოსამართლეთა კორპუსის, ასევე ხელისუფლების სხვა ორი შტოს მხარდაჭერასაც. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ეს ნოვაცია ასევე მოწონებულია კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების და ქართული არასამთავრობო სექტორის მიერ.
მივიჩნევთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ, ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს დაკომპლექტების გაცილებით დემოკრატიულ წესს ითვალისწინებს, მხოლოდ წაადგება სასამართლო ხელისუფლების რეალურ დამოუკიდებლობას და მოსამართლეთა პროფესიონალიზმის განუხრელი ზრდის პირობებში შექმნის მყარ საფუძვლებს ქვეყნის სტაბილური და სწორი განვითარებისათვის.
გამოვთქვამთ იმედს, რომ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად საქართველოში გახდება შესაძლებელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან სასამართლო ხელისუფლებასთან სწორ პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობების ტრადიციის საბოლოოდ ჩამოყალიბება”,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს 27 მოსამართლე აწერს, მათ შორის არიან შემდეგი მოსამართლეები: მაია ბაქრაძე, ბესარიონ სისვაძე, დურმიშხან ჟორჟოლიანი, მიხეილ ბებიაშვილი, ალექსანდრე იოსელიანი, მანანა ჩოხელი, ლელა ცანავა, თამაზ ურთმელიძე, ივანე ყიფიანი, ნანა კობახიძე, მარინა ხოლოაშვილი, ნათია გუჯაბიძე, ქეთევან დუგლაძე, მურთაზ კაპანაძე, ბესარიონ ტაბაღუა, ხათუნა არევაძე, დავით ერქვანია, ივანე ღლონტი, თეა ხამხაძე, მანუჩარ კაპანაძე, ქეთევან კუჭავა, თინათინ ეცადაშვილი, გოდერძი გიორგიშვილი, შორენა გუნცაძე, ნინო შარაძე, თეიმურაზ სიხარულიძე, მურთაზ მეშველიანი.

29.04.13

Please follow and like us: