საომარი მოქმედებების ზონაში ნებისმიერი ჰუმანიტარული დახმარება დასაშვებია, მხოლოდ უკრაინის თანხმობით, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის იტალიის პრემიერთან მატეო რენცისთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
მან აღნიშნა უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევა, რომელიც წითელი ჯვრისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებას ისახავს მიზნად. ობამამ და რენციმ გამოთქვეს საერთო მოსაზრება, რომ რუსეთის ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს არ შეესაბამება, აღიარებული იქნება მიუღებლად და საერთაშორისო კანონების დარღვევად, რაც მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების ამოქმედებას გამოიწვევს.
ობამას განცხადებების პარალელურად სახელმწიფო დეპარტამენტმა სკეპტიკურად შეაფასა რუსული ჰუმანიტარული მისია. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარი ჰარფმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ჰუმანიტარული მისიის საბაბით შესაძლოა სამხედრო ინტერვენცია დაიწყოს.
„რუსეთს კიევის თანხმობის გარეშე უკრაინაში ჩარევის უფლება არ აქვს“, – განაცხადა ჰარფმა. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას.
ანალოგიური განცხადებები გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში.
ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია: „ბოროზომ გააფრთხილა, რომ დაუშვებელია ცალმხრივი სამხედრო მოქმედებების დაწყება უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების საბაბით. ბაროზომ გამოთქვა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მაღალი კონცეტრაციის, ასევე რუსეთის ტერიტორიიდან მეამბოხეებისათვის იარაღის, ტყვიაწამლისა და მებრძოლების უწყვეტი ნაკადის გამო“.
ამ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, უკრაინაში ჰუმანიტარულ ბადრაგს გაგზავნის. კრემლი არ აზუსტებდა რას ნიშნავს „ჰუმანიტარული ბადრაგი“.
აღსანიშნავია, რომ სატელეფონო საუბრის ოფიციალურ ევროპულ რელიზში „ჰუმანიტარული ბადრაგი“ საერთოდ არ არის ნახსენები.
დღეს დილით 280 სატვირთო მანქანისაგან შემდგარი ავტოკოლონა მოსკოვის ოლქიდან უკრაინის აღმოსავლეთისაკენ დაიძრა.
სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, რომელიც ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში სამშვიდობო მისიის გასაგზავნად სამხედრო ტექნიკას თეთრად ღებავენ.BBC-ის ერთ-ერთი იუზერის ციტატაც მოჰყავს: „რუსული არმია სასწრაფო წესით „კამაზებს“ თეთრად ღებავს. დარჩა მხოლოდ წითელი ჯვრის ან UN-ის(გაეროს აბრევიატურა) დახატვა და უკრაინისაკენ!“.
ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ ზრდის დასავლეთის ქვეყნების ეჭვებს, რომ რუსეთის ჰუმანიტარულ მისიას უკრაინაში ინტერვენციის საბაბად გამოიყენებს.
გუშინ ნატოს გენერალური მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ რუსეთის აღმოსავლეთ უკრაინაში „შეჭრის ალბათობა მაღალია“ და რომ მოსკოვი ცდილობს ინტერვენცია ჰუმანიტარული საბაბით შენიღბოს.
შეგახსენებთ, რომ 6-7 აგვისტოს ღამეს რუსეთმა უკრაინაში “ჰუმანიტარული კოლონისა” და “სამშვიდობოების” შეყვენქა სცადა.
„უკრაინის საზღვრების მიმართულებით მოემართებოდა უზარმაზარი კოლონა, რომელსაც თან ახლდნენ რუსი სამხედროები და სამხედრო ტექნიკა. თითქოსდა „წითელ ჯვართან“ შეთანხმებული გეგმით, ჰუმანიტარული კოლონა, სამშვიდობოების თანხლებით, უნდა შემოსულიყო, აშკარად იმისათვის რომ სრულმასშტაბური კონფლიქტის პროვოცირება მოეხდინა. თავად „წითელმა ჯვარმა“ კი უარყო რუსეთის განცხადება, თითქოს ეს ოპერაცია შეთანხმებული იყო მასთან“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალერი ჩალიმ.
იმავე დღეს ვაშინგტონმა და ლონდონმა განაცხადეს, რომ „ჰუმანიტარული დახმარების“ საბაბით უკრაინაში რუსი „სამშვიდობოების“ შესვლა შეფასდება როგორც ინტერვენცია.
6 აგვისტოს ნატომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში ინტერვენცია ჰუმანიტარული მისიის ან სამშვიდობო ოპერაციის საბაბით განახორციელოს. ნატომ მიუთითა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან თავმოყრილია 20 ათასი რუსი სამხედრო.
12.07.14