ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საძირკველში კაფსულა ჩაუშვეს.
ამჟამად, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სასადილოსა და შტაბის მშენებლობა მიმდინარეობს. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობა კი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს და შტაბის, სასადილოსა და ყაზარმების მშენებლობას მოიცავს. მეორე ეტაპი კი 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს და სპორტ კომპლექსის, სერჟანტებისა და ოფიცრებისთვის საერთო საცხოვრებლების, საბავშვო ბაღის და სხვა ნაგებობების მოწყობას ითვალისწინებს.
უმაღლესი სტანდარტებით მოწყობილ ბაზაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალწვეულები საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან, რის შემდეგაც სხვადასხვა დანაყოფებში გადანაწილდებიან. მშენებლობა, შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტის ფარგლებში, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
14.08.14