fanjikidze_maia_003(2)საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რუსეთის მხრიდან მორიგ ემბარგოს არ გამორიცხავს, თუმცა განმარტავს , რომ ასეთ შემთხვევაში საქართველო ახალ ვითარებას მოერგება. “საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა, რათა აღდგენილიყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. ეს არის წარმატება აბაშიძე-კარასინის ფორმატისა. რასაკვირველია, არ არის გამორიცხული ახალი ემბარგო, თუმცა თუკი ეს ისევ განმეორდება, ჩვენ შევეგუებით და მოვერგებით ახალ სიტუაციას”, – განუცხადა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს. რაც შეეხება მედიის კითხვას, რატომ არ უერთდება საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ამ შემთხვევაში ის ეთანხმება პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის პოზიციას, რომლის აზრითაც, საქართველოს რუსეთთან იმ მასშტაბის ტვირთბრუნვა არ აქვს, რომ სანქციას აზრი ჰქონდეს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სიტუაცია, რომელიც რეგიონში რუსეთის კონტექსტშია შექმნილი, დიპლომატიური ძალისხმევით უნდა დარეგულირდეს. “სამწუხაროა, რომ ბერლინში გუშინდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, სწორედ ასეთი შეხვედრებით და დიპლომატიური ძალისხმევით უნდა მოხდეს სიტუაციის დარეგულირება”, – აღნიშნა ფანჯიკიძემ. უკრაინის კრიზისის დარეგულირების თაობაზე, გუშინ ბერლინში ოთხმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა. მოლაპარკაბებში მონაწილეობდნენ რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. შეხვედრა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და, როგორც მხარეებმა აღნიშენს, მას დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. 18.08.14

Please follow and like us: